ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე, ეროვნული ბანკის როლის შესახებ ლარის სტაბილურობისა და ინფლაციის მოთოკვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
მისი განცხადებით, პერიოდულად, საქართველოს ეკონომიკის, მისი მდგრადობისა და განვითარების განმსაზღვრელი კომპონენტების შესახებ რეალობისგან მოწყვეტილი ინტერპრეტაციები ვრცელდება.
ექსპერტი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია ლარის სტაბილურობასა და მისი მსყიდველუნარიანობის დაცვაზე. გარდა ამისა, ეროვნულ ბანკს აკისრია ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ისეთი წარმართვის ვალდებულება, რომელიც უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას, ხელს უწყობს საფინანსო სისტემის მდგრადობას, რაც, არჩვაძის განმარტებით, საბოლოო ჯამში, ქმნის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ მაკროეკონომიკურ გარემოს.
,,მედიასა და სოციალურ ქსელებში პერიოდულად ვრცელდება საქართველოს ეკონომიკის, მისი მდგრადობისა და განვითარების განმსაზღვრელი კომპონენტების შესახებ ისეთი „ეგზოტიკური“ დასკვნები და შეფასებები, რომ უნებურად გიჩნდება კითხვა: ნუთუ ამგვარი რეალობისგან მოწყვეტილი ინტერპრეტაციების მოფიქრებასაც სჭირდება ძალისხმევა?!
ერთ-ერთი ასეთი საკითხია მსჯელობა ლარის სტაბილურობისა და ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის შესახებ.
უპირველესად, უნდა განვმარტოთ: საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია ლარის სტაბილურობასა და, უპირველეს ყოვლისა, მისი მსყიდველუნარიანობის დაცვაზე, თუმცა ეს პასუხისმგებლობა არ გულისხმობს ლარის გაცვლითი კურსის უცვლელობის ან დოლართან თუ სხვა ვალუტებთან მიმართებით კონკრეტული ნიშნულის შენარჩუნების ვალდებულებას.
საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარის კურსი ძირითადად სავალუტო ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობით ყალიბდება. მასზე გავლენას ახდენს საგარეო ვაჭრობის ბალანსი, ექსპორტისა და იმპორტის დინამიკა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები, კაპიტალის მოძრაობა და საგარეო ეკონომიკური შოკები. შესაბამისად, გაცვლითი კურსის ცალკეული ცვლილებები ყოველთვის არ არის ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგი და ვერც მისი საქმიანობის ეფექტიანობის ერთადერთ საზომად გამოდგება.
ამასთან, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობას არ ამცირებს. პირიქით, მას აკისრია ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ისეთი წარმართვის ვალდებულება, რომელიც უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას, ხელს უწყობს საფინანსო სისტემის მდგრადობას და, საბოლოო ჯამში, ქმნის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ მაკროეკონომიკურ გარემოს. როგორც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტშია აღნიშნული, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას.
სწორედ ამ ამოცანების შესრულებას ემსახურება ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კურსის მკვეთრი და არაორდინარული რყევები წარმოიქმნება. ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს არა უბრალოდ დაგროვების, ანუ ტეზავრაციის, არამედ მნიშვნელოვანი სტაბილიზატორისა და ეკონომიკური ამორტიზატორის ფუნქცია აქვს. ისინი ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სავალუტო ბაზარზე დროებითი დისბალანსის შერბილება, კურსის ჭარბი მერყეობის შეზღუდვა და ეკონომიკისათვის გაუმართლებელი შოკების თავიდან აცილება. ეს კი ხელს უწყობს ბიზნესგარემოს პროგნოზირებადობას, სამეწარმეო აქტივობის შენარჩუნებას და მთლიანად ეკონომიკის მდგრადობას.
თუ ლარის სტაბილურობას არა რომელიმე კონკრეტული დღის ან მოკლევადიანი მონაკვეთის, არამედ შედარებით ხანგრძლივი პერიოდის მიხედვით შევაფასებთ, სურათი საკმაოდ თვალსაჩინოა: ბოლო 22 თვის განმავლობაში ლარი არა მხოლოდ ინარჩუნებდა მდგრადობას, არამედ აშშ დოლართან მიმართებით გამყარების ტენდენციაც გამოავლინა. კერძოდ, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ოქტომბრამდე ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 8.6 პროცენტით გამყარდა — 2.84-დან 2.60-მდე. ამავე პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 4.43 მილიარდი აშშ დოლარიდან 8.25 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ანუ 3.82 მილიარდი დოლარით — თითქმის 1.9-ჯერ.
ეს მაჩვენებლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია თანხვედრაშია სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდის პროცესთან. ამასთან, რეზერვების ზრდა მხოლოდ სავალუტო ინტერვენციებით არ აიხსნება — მასზე გავლენას ახდენს ოქროსა და სხვა სარეზერვო აქტივების ღირებულების ცვლილებებიც. მიუხედავად ამისა, რეზერვების ამგვარი მოცულობა ეროვნული ბანკის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აძლიერებს და ქვეყნის საგარეო ფინანსური მდგრადობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში. მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის მართვით, სავალუტო ინტერვენციებით, საერთაშორისო რეზერვების გამოყენებით, ფულის მიწოდებისა და საბანკო ლიკვიდობის რეგულირებით ეროვნული ბანკი გავლენას ახდენს როგორც ინფლაციურ მოლოდინებზე, ისე ეკონომიკაში ფასების ზრდის საერთო ტემპზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს როლი იმ ვითარებაში, როდესაც ინფლაციურ ზეწოლას დიდწილად იმპორტირებული ფაქტორები განაპირობებს. მსოფლიო ბაზრებზე ენერგომატარებლების, ნედლეულისა და სხვა საქონლის გაძვირება, საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვებში წარმოქმნილი შეფერხებები და გარე ეკონომიკური შოკები პირდაპირ აისახება ადგილობრივ ფასებზე. ასეთი ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა მონეტარული პოლიტიკისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა, რადგან მისი გამომწვევი მიზეზები მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ ყალიბდება. ამ პირობებში ლარის კურსის მდგრადობა დამატებით დამცავ მექანიზმად გვევლინება: იგი ზღუდავს იმპორტირებული საქონლის გაძვირებაზე გაცვლითი კურსის გაუფასურების დამატებით გავლენას და ამით ინფლაციურ ზეწოლას ამცირებს.
სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკის გაწონასწორებული მონეტარული და სავალუტო პოლიტიკის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია. მისი ეფექტიანობა მხოლოდ იმით არ უნდა შეფასდეს, რამდენად სწრაფად ან რამდენად მკვეთრად ცვლის საპროცენტო განაკვეთს, არამედ იმითაც, თუ რამდენად ახერხებს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას ისე, რომ არ შეაფერხოს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები.
ამ კონტექსტში საყურადღებოა ისიც, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთსა (8.25%) და წლიურ ინფლაციას (5.9%) შორის სხვაობა ამჟამად 2.35 პროცენტული პუნქტია. ეს მაჩვენებელი, თავისთავად, არ არის მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის სრულყოფილი საზომი, თუმცა მნიშვნელოვანი ინდიკატორია საპროცენტო გარემოსა და ინფლაციის ურთიერთმიმართების შესაფასებლად. შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი, სხვა თანაბარ პირობებში, ამცირებს ბიზნესისა და მოსახლეობისთვის საკრედიტო რესურსების ღირებულებას, ხელს უწყობს ინვესტიციების განხორციელებას და სამეწარმეო აქტივობის შენარჩუნებას. ამდენად, ეროვნული ბანკის ამოცანაა ისეთი მონეტარული ბალანსის შენარჩუნება, რომელიც, ერთი მხრივ, ინფლაციურ წნეხს მოთოკავს, ხოლო, მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელ ფინანსურ პირობებს არ დააზიანებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობის მრავალი მნიშვნელოვანი ასპექტი საზოგადოებრივი ყურადღების მიღმა რჩება. ხშირად ყურადღება მხოლოდ ლარის ყოველდღიურ გაცვლით კურსზე მახვილდება, მაშინ როდესაც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ინფლაციური მოლოდინების მართვა, სავალუტო რეზერვების დაგროვება, ფინანსური სისტემის მდგრადობის დაცვა და ეკონომიკური შოკების შერბილება გაცილებით ფართო და კომპლექსური პროცესია.
შედეგები კი მხოლოდ სტატისტიკურ მაჩვენებლებში არ აისახება — ისინი ქმნის იმ მაკროეკონომიკურ საფუძველს, რომელზეც დგას ბიზნესის საქმიანობა, ინვესტიციების განხორციელება, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება,” – წერს სოსო არჩვაძე.