იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს „გონიერი კონტრაქტის“ ახალ ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს. საქართველოს მოქალაქეებს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დისტანციურად შეუძლიათ.
ახალი სერვისი გონიერი კონტრაქტის თანამედროვე ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, მომსახურება სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ მიიღონ.
ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. მოქალაქეთა მაღალი ინტერესისა და მომართვიანობის გათვალისწინებით, სააგენტომ აღნიშნულ მომსახურებაში გონიერი კონტრაქტის მექანიზმი დანერგა, რაც პროცესს კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად ხელმისაწვდომს ხდის.
გონიერი კონტრაქტის ინოვაციური სერვისის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა უსაფრთხო და თანადროული ანგარიშსწორებაა. სისტემა უზრუნველყოფს რეგისტრაციის პროცესისა და შესაბამისი ფინანსური ოპერაციის ერთდროულ განხორციელებას, რაც მომხმარებლებისთვის დამატებით გარანტიას ქმნის.
გონიერი კონტრაქტის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ან პასპორტს. მომსახურების მისაღებად დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდს napr.gov.ge და მათთვის სასურველ დროს დაჯავშნონ დისტანციური სესია.
გონიერი კონტრაქტის პლატფორმა წარმატებით გამოიყენება უძრავი ქონების დისტანციური შეძენის პროცესშიც, რაც საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ემიგრანტებს, შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში ქონების შეძენა შუამავლებისა და მინდობილობის გარეშე განახორციელონ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განაგრძობს ციფრული სერვისების თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების მაღალი დაცვის სტანდარტებით განვითარებას და მოქალაქეებისთვის სახელმწიფო მომსახურებების კიდევ უფრო მარტივ, სწრაფ და უსაფრთხო ფორმით შეთავაზებას.
*საჯარო რეესტრი მუდმივად ზრუნავს ინოვაციური სერვისების განვითარებაზე, სააგენტო მსოფლიოში პირველი საჯარო უწყებაა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა და უძრავი ქონების რეგისტრაციაში წარმატებით გამოიყენა.
ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა და ნებისმიერი
ტრანზაქციის დაცულობას, გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.*