fbpx

შალვა პაპუაშვილი არჩევნების ელექტრონულად ჩატარებაზე: ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა – ბატონი გიორგი ვაშაძისგან ისტერიული განცხადება მოვისმინეთ, ახლა ყველა პოლიტიკოსის ვალია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსტრუქციული იყოს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში არჩევნების ელექტრონული მოწყობილობებით ჩატარების შესახებ ინიციატივას ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ, ამ საკითხზე, ზოგიერთი ადამიანის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„საინტერესოა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის რეაქცია. უცებ, ერთ დღეში, აღმოჩნდა, რომ თურმე, არავის აღარ აქვს პრობლემა „კარუსელებთან“, [ბიულეტენების] ჩაყრასთან და ა.შ. ზოგიერთი აქტორი 2020 წლიდან გვიმტკიცებს, რომ თითქოს, საარჩევნო უბნებზე გაყალბება ხდება და უცებ აღმოჩნდა, რომ საარჩევნო უბნები სულაც არ არის პრობლემა და თითქოს, პრობლემა სადღაც სხვაგანაა. სინამდვილეში, ვინც საქართველოში არჩევნების პროცედურების სათანადოდ წარმართვისა და გაიოლების გულშემატკივარია, დღეს ამ ინიციატივის გულმხურვალე მხარდამჭერი უნდა იყოს. ვინც ამ საკითხში ერკვევა, ყველა ხვდება, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომ მოხდეს თითქმის სრულად გადასვლა ელექტრონულ რეგისტრაციასა და ელექტრონული მანქანების გამოყენებაზე. სამუშაო ჯგუფი მუშაობს ცვლილებებთან დაკავშირებით და იქაც, ამ კუთხით, ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნება, რასაც საზოგადოება მალე იხილავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი აღნიშნულ საკითხზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის – გიორგი ვაშაძის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„დარწმუნებული ვარ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე, ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ ბატონი გიორგი ვაშაძისგან ისტერიული განცხადება მოვისმინეთ. მინდა, მივმართო ჩვენს ოპონენტებს: ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება ხდება არა მხოლოდ იმით, რომ ხდება რაღაცის ყიდვა, დადგმა და გამოყენება, არამედ ამას სჭირდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც და ნდობის გამყარება. ნდობის შერყევა ძალიან ადვილია, მაგრამ ნდობის გამყარება რთულია. ამიტომ, ახლა ყველა პოლიტიკოსის ვალია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსტრუქციული იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება