fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. ეს არის შეუქცევადი გზა. სხვა ყოველგვარი სპეკულაციები საფუძველმოკლებულია

მე, როგორც მთავრობის მეთაური, ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ამერიკასა და ევროპასთან, კიდევ უფრო გავაძლიეროთ, განვამტკიცოთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მესტიაში განუცხადა.

მისი თქმით, მათმა გუნდმა ქვეყანას დიდი განსაცდელი აარიდა, რაც უკავშირდებოდა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში საქართველოს ჩართვას. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მათ ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნეს და შედეგად, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შემთხვევითი არ არის. პრემიერ-მინისტრს აშშ-თან სამომავლო ურთიერთობებზეც ისაუბრა.

„მადლობა ღმერთს, ჩვენ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით შეუნარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შემთხვევითი არ არის. ასე, რომ ახლა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, დინჯად, მტკიცედ ჩვენი ქვეყნის მართვა და წინ სვლა. ამავდროულად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან.

ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საზოგადოების მხრიდან, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ამ კითხვების დასმაში ძალიან აქტიურადაა ჩართული. ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. მე ერთი მინდა ვთქვა, მე, როგორც მთავრობის მეთაური ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ამერიკასა და ევროპასთან, კიდევ უფრო გავაძლიეროთ, განვამტკიცოთ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. ეს არის შეუქცევადი გზა. სხვა ყოველგვარი სპეკულაციები საფუძველმოკლებულია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება