fbpx

„ხალხის ძალის“ ლიდერებმა ხმაურზე კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს

„როგორც დეპუტატს, ბევრი ადამიანი მომმართავს თხოვნით, რომ რამე გვიშველეთ ამ ხმაურზეო, განსაკუთრებით, ტურისტულ ადგილებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტში ცვლილებებს ვიღებთ“, – ამის შესახებ პარლამენტში, საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, სადაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, კერძოდ ხმაურის დონის განსაზღვრასთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს.

სოზარ სუბარის განმარტებით, ცვლილებები ჯარიმასთან დაკავშირებით ხელს შეუწყობს კანონის აღსრულებას.

„აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ამ კანონის აღსრულება პრობლემა იქნება. ნამდვილად არ არის ადვილი ეს, არც იმის ილუზია გვაქვს, რომ მისი 100%-იანი აღსრულება მოხდება, თუმცა, ცხადია, რომ ამ კანონით განსაკუთრებით რესტორნები და ბარები მოუფრთხილდებიან ხმაურს, რომლებიც ხმაურის გამომწვევი მთავარი წყაროები არიან, რადგან ეს შედარებით ადვილი გასაკონტროლებელია, ვიდრე ის, ვიღაც სადღაც ფოიერვერკს რომ ისვრის. სტატისტიკაც იმაზე მეტყველებს რომ დამრღვევთა აღმოჩენის შემთხვევები მზარდია და ეს კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ, მივესალმები ამ კანონს და მხარს ვუჭერ.

ბოლოს, ნახევრად ხუმრობით, როცა ფოიერვერკების აკრძალვაზეა საუბარი, ეს კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფოიერვერკების ხმაური გაცილებით ნაკლებად საშიშია, ვიდრე ის ბომბების წვიმა, რასაც ჩვენი ოპოზიცია პერიოდულად ნატრობს ხოლმე.“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სესიაზე ფოიერვერკებთან და მათ შეზღუდვასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ეს ხმაური რომ პრობლემაა, გასაგებია და კარგია, რომ გარკვეული რეგულაციები შემოდის. აღსრულების ნაწილი ყოველთვის პრობლემა იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც უნდა დავარეგულიროთ, მაგრამ მე მაინტერესებს ერთი საკითხი – აქ ფოიერვერკებზე იყო საუბარი და ზოგს დროზე ჰქონდა აქცენტი გაკეთებული, ზოგს ხმაურის სიხშირეზე, ხოლო მე მინდა ასეთი რამ ვიკითხო: ეს კანონი თუ არეგულირებს ასეთ რამეს – სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, მათ სიახლოვეს, სამწუხაროდ, საკმაოდ ინტენსიური „სროლა“ არის ხოლმე, რაც ტაძრებს აზიანებს. ამას დროში აკრძალვა ვერ დაარეგულირებს, რადგან თუ ზიანს აყენებს რეზონანსი, დროში ეს შეზღუდული არ არის. ამ საკითხს თუ არეგულირებს ეს კანონი და თუ არ არეგულირებს, ხომ არ გვეფიქრა, რომ სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და მათ გარკვეული დაცვის ზონები აქვთ, იქ საერთოდ უნდა აიკრძალოს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სახით ასეთი საქმიანობა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

როგორც მაია ბითაძემ განმარტა, აღნიშნული ცვლილებები კანონის აღსრულების მეტად ეფექტიანობას უზრუნველყოფს.

„ხმაურთან დაკავშირებით კანონი დღეს და გუშინ არ ამოქმედებულა და მას აღსრულებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უწევს. ამ სანქციების აღსრულება განსაკუთრებით ეფექტურად მიმდინარეობს დიდ ქალაქებში, თუმცა, ბუნებრივია გაძლიერება გვჭირდება მუნიციპალიტეტების კუთხით. ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით ვხედავთ, რომ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა გაორმაგებულია, თუმცა, რადგან პირველ სანქციად, როგორ ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების მიმართ განსაზღვრულია გაფრთხილება, ამ გაფრთხილებას არ აქვს შემაკავებელი ეფექტი. არც 150 და 500 ლარს აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც განმეორებით ჯარიმად არის განსაზღვრული. შესაბამისად, ის [ცვლილებები], რაც სანქციებთან მიმართებით წარმოდგენილია აღნიშნულ კანონპროექტში, ვფიქრობთ, რომ შემაკავებელი ეფექტის მქონე იქნება, იმიტომ, რომ იურიდიული პირებისთვის, რომელთაც ინდმეწარმეებიც გაუთანაბრდებიან, 10 000 ლარი არ არის მცირე ჯარიმა, იმისთვის, რომ ხმის დამხშობ იზოლაციაზე ზრუნვა არ დაიწყონ, ან უბრალოდ, ხმას არ დაუწიონ იმ დროს, როცა ეს კანონით არის განსაზღვრული.

რაც შეეხება დეციბალებს და ზოგადად, ხმაურის დონის ინდექსს, ახლა რა ცვლილებებსაც ვიღებთ, ეს ცვლილებები ეხება მხოლოდ მუნიციპალიტეტების მიერ ადმინისტრირებად მუხლებს, რომელთა გაზომვა და კონტროლი ხდება კერძო საკუთრებაზე, დახურულ ტერიტორიაზე და საჯარო დაწესებულებებში, ფანჯრებდახურულ შენობებში. არის კიდევ სხვა მუხლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელთა აღსრულებას უზრუნველყოფს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც ეხება ხმაურსა და ვიბრაციას, რაც მომდინარეობს სტაციონარული წყაროებიდან და ძირითადად, ვრცელდება საწარმოებზე. ასევე, არის პრობლემები თვითონ მთავრობის დადგენილების აღქმასთან დაკავშირებით, რაც ხშირად მოსახლეობისთის პრობლემა ხდება ხოლმე, რადგან აკუსტიკური ხმაურის გაზომვები ხდება დახურულ სივრცეებში, რათა გამოირიცხოს სწორედ ის ფონური ხმაური, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს არა რომელიმე კონკრეტული სუბიექტისგან, არამედ დამატებით სხვა ფონური ხმაური იყოს და შეუძლებელი იყოს გაზომვა, ვისგან მომდინარეობს ხმაური. სწორედ ამიტომ არის მთავრობის დადგენილებაში მითითებული, რომ ფანჯარა უნდა დაიკეტოს. შესაბამისად, დახურულ ფანჯარაში ხმაური ბევრად ნაკლებია. ამიტომ ფანჯრის გაღების დროს ეს დეციბალები, რომლებიც მომდინარეობს დაშვებულ საათებშიც კი ობიექტებისგან, მოსახლეობისთვის ესეც შემაწუხებელია. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მრავალწახნაგოვანია სამართლებრივი სისტემა, რომელიც ხმაურისა და ვიბრაციის ნორმებს ეხება, ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც 90-იან წლებში იქნა წარდგენილი სწორედ ხმაურისა და ვიბრაციის ნორმებთან მიმართებით და სადაც მოქალაქეებმა გაიმარჯვეს, ჩვენ ვქმნით ჯანდაცვის კომიტეტთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტთან და შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად, შესაბამის ჯგუფს (ეს ჯგუფი პრაქტიკულად უკვე შექმნილია), რომელიც იმუშავებს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ ხმაურის დონის ინდექსებთან მიმართებაში, რაც საჭიროებს გადახედვას და რასაც ვფიქრობ, ამ კანონთან ერთად, რომელსაც ახლა ვიხილავთ, აუცილებლად ექნება შემაკავებელი ეფექტი. ძალიან გაზრდილია ჯარიმის ოდენობა და ვფიქრობ, რომ ამ წლის ბოლომდე, ან საგაზაფხულო სესიისთვის ჩვენ ცვლილებათა ახალ პაკეტს შემოგთავაზებთ, რომელიც უფრო მართო მასშტაბით დაარეგულირებს საკითხს, რადგან მთავრობის დადგენილება არის ტექნიკური რეგლამენტი და რეალურად ეყრდნობა ისეთ პარამეტრებს, რომლებსაც გადახედვა აუცილებლად სჭირდება.“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება