fbpx

ცნობილ ქართველ ძიუდოისტს ბიძინა ივანიშვილმა ძვირადღირებული ოპერაცია დაუფინანსა

პარტია „ქართული ოცნების“  თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ცნობილ ქართველ ძიუდოისტს, დავით ხახალეიშვილს ძვირადღირებული ოპერაცია დაუფინანსა.

ამის შესახებ ხახალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „იქსნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ძვირფასო მეგობრებო!

როგორც თქვენთვის გახდა ცნობილი, შემექმნა ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემა – დამიდგინეს გულის ძალიან რთული დაავადების უმძიმესი დიაგნოზი. ჩემი მდგომარეობა თბილისის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში კრიტიკულად შეაფასეს.

სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა გულზე ძვირადღირებული და ურთულესი ოპერაციის ჩატარება იყო. ოპერაციისა და შემდგომი მკურნალობა-რეაბილიტაციისთვის 250 ათასი აშშ დოლარი მესაჭიროებოდა. იძულებული გავხდი თქვენთვის მეთხოვა დახმარება. გვერდში დამიდგნენ ჩემი ახლობლები, მეგობრები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები. თუმცა იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ამ თანხის შეგროვება თითქმის წარმოუდგენელი იყო…

ამ უმძიმეს ვითარებაში დახმარების ხელი საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გამომიწოდა. ფონდმა, რომელიც წლებია გვერდში უდგას ქართულ სპორტს და უპრეცედენტო ქველმოქმედებას ახორციელებს, ამჯერად მიზნად ჩემი სიცოცხლის გადარჩენა დაისახა.

„ქართუ“ სრულად დააფინანსებს ოპერაციასა და მკურნალობას.

სიტყვებით რთულია გამოვხატო ჩემი მადლიერება. მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ მე სიცოცხლის შანსი მომეცით და ჩემს ოჯახს იმედი ჩაუსახეთ!

მადლობა ჩემს ოჯახს, ახლობლებს, მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს, ჟურნალისტებს, ქართული ძიუდოსა და მთლიანად ქართულ სპორტულ ოჯახს. მეამაყება, რომ მეც ამ ოჯახის წევრი ვარ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გმირებს – ექიმებს!

მე უკვე მინსკში ვარ, დაწყებულია ჩემი მკურნალობის პირველი ეტაპი, პარასკევს კი ოპერაციაა დანიშნული.

მალე აუცილებლად დაგიბრუნდებით ახალი სიცოცხლითა და ენერგიით!

გაუზიარე!

Shares