fbpx

ჩხოროწყუში, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისას „ნაცმოძრაობის“ შვიდივე წევრმა ხმა გახარიას კანდიდატს მისცა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ შვიდივე წევრმა ხმა გახარიას პარტიის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს – შოთა წურწუმიას მისცა.

დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრაში 26 დეპუტატი მონაწილეობდა. „ქართულმა ოცნებამ“ 13 ხმა მიიღო, ნაცვლად 12-ისა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნების“ კანდიდატს ჯუმბერ იზორიას ხმა ოპოზიციიდან მისცეს. თუმცა უცნობია, რომელი პარტიის წარმომადგენელმა.

ოპოზიციის ერთი წევრის ბიულეტენი გაბათილდა, რადგან ორივე კანდიდატი იყო შემოხაზული, რითაც ოპოზიციის კანდიდატს ერთი ხმა დააკლდა. ერთი დეპუტატი სხდომას არ ესწრებოდა.

საერთო ჯამში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ჯუმბერ იზორიამ მიიღო 13 ხმა, პარტია „საქართველოსთვის“კანდიდატმა შოთა წურწუმიამ კი – 12.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ გახარიას პარტიას შესთავაზა, რომ მხარს დაუჭერდა მათ კანდიდატებს ოპოზიციური საკრებულოების თავმჯდომარის პოსტებზე, თუ საკრებულოებში სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნებიან ოპოზიციონერები და არა „ქართული ოცნების“ წევრები.

ჩხოროწყუს საკრებულო 27 წევრისგან შედგება. აქედან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ 12 მანდატი მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 7 მანდატი, პარტიამ „საქართველოსთვის“ – 7 მანდატი , ხოლო 1 მანდატი „ლელომ“. ჯამში, ოპოზიციას 15 მანდატი აქვს მიღებული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება