fbpx

ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს და ჩვენი ხელისუფლება პირობას დებს, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვა-ჯუანშერ ბურჭულაძე

ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს და ჩვენი ხელისუფლება პირობას დებს, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას, – ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდის სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. თავდაცვის მინისტრის თქმით, ცივილურ სამყაროს 2008 წელს მეტად პრინციპული პოზიცია უნდა დაეკავებინა.

„14 წლის შემდეგ ცივილურმა სამყარომ ალბათ საუკეთესოდ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა მეტად პრინციპული პოზიცია. ჩემი აზრით, ეს პრინციპული პოზიცია დღესაც შეიძლება იყოს გამოხატული და დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ცივილური სამყაროს მიმართულებით, იქნება ეს კოლექტიური უსაფრთხოება, ევროკავშირი თუ სხვა ორგანიზაციები“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი – ეს რუსული აგრესიის შედეგია.

2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფელი გაანადგურეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. ამ დრომდე, რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს და საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართებს მიღმა.

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა.

ომიდან 14 წლის შემდეგ, რუსეთი ისევ არ ასრულებს 12 აგვისტოს შეთანხმებას, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას და ყოველდღიურად უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება