fbpx

ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს-ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შს მინისტრის იდეა იყო, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც მანამდე განთავსებული იყო პოლიციის ქვედანიშნულების ბაზა.

„ჩემი დიდი სურვილია და ბატონი მინისტრის, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტს დავიწყებთ წელს, უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ადგილიც შერჩეულია. ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც მანამდე განთავსებული იყო პოლიციის ქვედანიშნულების ბაზა. იგი გადატანილი იქნება სხვა ადგილას. ასე, რომ ამ ადგილზე აშენდება 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი – პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ჩვენ ავაშენეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ჩემი მინისტრობის დროს. გახსოვთ, 1000-ბინიანი ჯარის ქალაქი ავაშენეთ, რომელიც წელს სექტემბერში ჩაბარდება ჩვენს ჯარისკაცებს. ასეთივე, ანალოგიური ქალაქი აუშენდება ჩვენს პოლიციელებს.

პირობები იქნება იგივე, რაც ჯარისთვის იყო, ანუ 1კვ.მ ფართობზე 100 დოლარის ეკვივალენტს გადაიხდიან ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულის გარდა, ყველა პოლიციის შენობის განახლება და რეაბილიტაცია იგეგმება. ასევე განახლდება და ახალი შენობები აშენდება სასაზღვრო პოლიციისთვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება