fbpx

ჩემი 2-3 მილიონის ღირებულების ქონებიდან 21 პროცენტი გადაეცეს იმ ბავშვებს, რომელთა მამებიც ჩემ მიერ გასროლილი ტყვიებით დაიღუპნენ-პატიმარი შალვა აბულაძე

შალვა აბულაძეს, იგივე „შალალოს“, ორი პოლიციელის – გიორგი ბერუაშვილისა და ბექა მარგიშვილის მკვლელობა ედებოდა ბრალად, რის გამოც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

როგორც ცნობილია, მან N7 დაწესებულებიდან შს მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სკანდალური წერილი გაუგზავნა, რომელიც გაზეთი „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პატიმარი წერილში აღიარებით ჩვენებას ღიად აფიქსირებდა და იმ დანაშაულების შესახებ საუბრობდა, რომლებიც 2000-2006 წლებში აქვს ჩაიდინა. აგრეთვე, წერდა, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო სამართალდამცველებმა სხვა, უდანაშაულო პირები გაასამართლეს.

უფრო მეტიც, მისი თქმით, ზოგიერთმა მათგანმა, რომელსაც დანაშაული არც კი ჩაუდენია, სასჯელი სრულად მოიხადა.

„2000-2006 წლებში მე, შალვა აბულაძემ, ჩავიდინე შემდეგი დანაშაულები:

1) დავაყაჩაღე გერმანიის მოქალაქე – პიტერ შიოშელე;

2) დავაყაჩაღე ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ოჯახი;

3) დავაყაჩაღე პარლამენტარისა და ბიზნესმენის, ბესო ჯუღელის ოჯახი;

4) დავაყაჩაღე პარლამენტარ მამუკა სვანიძის ოჯახი;

5) შევეცადე, გამეტაციბინა „თბილგაზის“ დირექტორი, ვახო ვახრამიშვილი, რის გამოც ფალიაშვილის ქუჩაზე ალყის გარღვევისას 5 პოლიციელი დაიჭრა;

6) თავს დავესხი ქვეყნის ეკონომიკის შესუსტების ხარჯზე გამდიდრებულ ბიზნესმენის, ზაზა ბაირამოვის ოჯახს და მის საკუთრებაში მყოფ ტრაილერებს, რომლითაც საქართველოდან თურქეთში ფული გაჰქონდათ. ამ ინციდენტის შედეგად დაიჭრა 9 ადამიანი – თათრები;

7) თავს დავესხი „კონსტანტა ბანკს“, თავდასხმის დროს ჩემთან ერთად იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, გოჩა ბოხუა;

8) გავიტაცე ბიზნესმენი თამაზ გელაშვილი;

9) ჩემმა უწესო და უმორალო თანამზრახველმა, ს.ბ.-მ მოკლა პატრულის თანამშრომელი, რის გამოც თეთრმეტწლიანი სასჯელი მოიხადა სრულიად უდანაშაულო ადამიანმა, არჩილ სახვაძემ. გამოძიებას ამ სქემაზე მკვლელობის იარაღის ადგილსამყოფელიც დავუსახელე, მაგრამ ისე ეშინიათ, დროს წელავენ, რათა ფაქტების გაქრობა მოახერხონ. თუმცა, ჯოკერს რას უზამენ, რომელიც ჯერ არავისთვის მიჩვენებია? ეს ყველაფერი გათვლილია.

ჩემი სურვილია და ამის შესახებ პროკურატურამ დამკითხა კიდეც, რომ ის ქონება, რომელთა ნაწილიც ძალადობის გზით შევიძინე 2000-2005 წლებში და ოჯახის წევრებზე გადავაფორმე, დაუბრუნდეს სახელმწიფოს, ოღონდ ერთადერთი პირობით!

დაახლოებით, 2-3 მილიონის ღირებულების ამ ქონებიდან 21 პროცენტი გადაეცეს იმ ბავშვებს, რომელთა მამებიც ჩემ მიერ გასროლილი ტყვიებით 2015 წელს დაიღუპნენ!

მოვითხოვ, წერტილი დაესვას ჩემი ცოლის, ქრისტინე ციყელაშვილის წამების ფაქტის გამოძიებას, რომელიც ჭიანურდება. თუკი მე დავისაჯე, მაშინ დაისაჯონ ჩემი 19 წლის ფეხმძიმე ცოლის მწამებელი პოლიციელებიც – ლევან დარახველიძე და ლაშა ცოცხალაშვილი.

სწორედ ჩემი ცოლის წამება გახდა მიზეზი ჩემი შეურიგებლობისა 2015 წლის 23 იანვრიდან 4 აპრილამდე, ჩემი ცოლ-შვილი ცხოვრობს უმძიმესი ფსიქიკური წნეხის ქვეშ და ჩემს ცოლს აღმოაჩნდა სიმსივნე, რაც სწორედ წამების შედეგია.

ნაწამებ ქალს დაეწყო ნაადრევი მშობიარობა და ჩემი შვილი, მარიამი, 6 თვისა და 19 დღის დაიბადა.

ასევე, წერტილი დაესვას გამოძიებას და ჰასან მამედოვმა, რომელმაც ჩემი ქონება დანაშაულებრივი გზით მიითვისა, ყველაფერი დააბრუნოს.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 24 ოქტომბერს სსკ-ს 180-ე მუხლით, თუმცა, ჩემი საკუთრება არ დაუბრუნებიათ, რის გამოც ჩემი სნეული ცოლი და 3 წლის შვილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ“, – წერდა პატიმარი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება