fbpx

შალვა პაპუაშვილი – რადგან რაღაც იუბილეებს აღნიშნავენ, კარგი მომენტია შეადგინონ ერთპუნქტიანი მანიფესტი, რომლის მთავარი არსი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება – ეს იქნებოდა ყველაზე კარგი საქმე, რასაც გაუკეთებდნენ ქართველ ხალხს



რადგან რაღაც იუბილეებს აღნიშნავენ, ალბათ, კარგი მომენტია შეადგინონ ერთპუნქტიანი მანიფესტი, რომლის მთავარი არსი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიას განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 23 ნოემბრის მანიფესტს.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შესახებ განაცხადი იქნებოდა ქართველის ხალხისადმი „ყველაზე კარგი საქმე“.

„რადგან რაღაც იუბილეებსა და მომენტებს აღნიშნავენ, ალბათ, კარგი მომენტი არის იმისთვის, რომ ერთპუნქტიანი მანიფესტი შეადგინონ, რომლის მთავარი არსი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება. ეს იქნებოდა ყველაზე კარგი საქმე, რასაც ისინი გაუკეთებდნენ ქართველ ხალხს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, პაპუაშვილმა ისაუბრა „ვარდების რევოლუციის“ შესახებაც და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების მმართველობამ ქვეყანა ავტორიტარიზმამდე მიიყვანა, შესაბამისად, მისი წარმოჩენა დღესასწაულად, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლების დაცინვაა.

პაპუაშვილი თვლის, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ პერსპექტივა არ აქვს.

„საბოლოო ჯამში საქართველოს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ცვლილებები ჰქონდა. რაც შეეხება, 2003 წლის მოვლენებს, რომელიც ეხება არჩევნებს, მის გაყალბებას და ა.შ.. საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობამ გვაჩვენა ჩვენ, რომ ე.წ. რევოლუციურ ცვლილებებს მივყავართ ცუდ შედეგებამდე. ჩვენ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიგვიყვანა ავტორიტარულ რეჟიმამდე, მიგვიყვანა ადამიანის ღირსების შემლახველ სისტემამდე, წამების, არაადამიანური მოპყრობის სისტემამდე. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ის თაობაც კი, რომელიც მისი მმართველობაში ყოფის დროს, შეიძლება არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“, ხელისუფლების აქტიური წევრი, ვერ აცნობიერებს დანაშაულებს, რაც ჩადენილი აქვთ „ნაციონალური მოძრაობას“. მანამ, სანამ არ აღიარებენ საკუთარ დანაშაულს ქართველი ხალხის წინაშე, არ გააცნობიერებენ ამ დანაშაულების საფუძველი რაში იყო, რა თქმა უნდა, ასეთ პარტიას არ აქვს პერსპექტივა.

რაც შეეხება აღნიშვნებს, გამოდის, რომ ისინი აღნიშნავენ საბოლოო ჯამში, კაცთმოძულე, ადამიანის მოძულე სისტემის ჩამოყალიბების იუბილეს, რაც ძალიან მძიმეა. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლი იყო. რა თქმა უნდა, ამის წარმოჩენა რაღაც დღესასწაულად, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლების დაცინვაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება