fbpx

შალვა პაპუაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე: პრობლემა არა გადაწყვეტილებაში, არამედ იმაშია, რომ არავინ თვლის ქართველ ხალხს ღირსად, მომხდარ ფაქტზე მტკიცებულებები წარუდგინოს

საქართველო აშშ-ის ჯარისკაცებთან ერთად ბევრ ცხელ წერტილში იბრძოდა, თავისი წილი სისხლი და მსხვერპლი გაიღო მშვიდობისთვის და აჩვენა კეთილსინდისიერი პარტნიორის დამოკიდებულება როგორია, ამის საპასუხოდ ასეთი გადაწყვეტილება და დამოკიდებულება, რომ არავინ თვლის ღირსად ქართველ ხალხს მოსამართლეების დასანქცირების შესახებ მტკიცებულებები წარუდგინოს, არის ძალიან მძიმე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემა არა გადაწყვეტილებაში, არამედ იმაშია, რომ ქართველ ხალხს არავინ თვლის ღირსად, რომ მომხდარ ფაქტზე მტკიცებულებები წარუდგინოს.

„სამწუხაროა ეს დამოკიდებულება, რასაც კელი დეგნანისგან ვხედავთ. მე ეს მასაც მოვახსენე და საჯაროდაც ვთქვი, რომ საქართველო არის აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში ბოლო 30 წელია, მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცებთან ერთად ბევრ ცხელ წერტილში იბრძოდა, თავისი წილი სისხლი და მსხვერპლი გაიღო მშვიდობისთვის და აჩვენა კეთილსინდისიერი პარტნიორის დამოკიდებულება როგორია. ამის საპასუხოდ ასეთი გადაწყვეტილება, ასეთ დროს და ასეთი დამოკიდებულებით, რომ არავინ თვლის ღირსად ქართველ ხალხს, როდესაც მის მოსამართლეებს ეძახიან კორუმპირებულს, იმეორებენ ამ ბრალდებას, ღირსად არ თვლის ქართველ ხალხს არავინ, რომ მტკიცებულება წარუდგინონ. ეს ძალიან მძიმეა. მეორეს მხრივ, ეს გასაკვირი არ არის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ემსახურება თავისი ქვეყნის ინტერესებს, ის საქართველოს ინტერესების გამტარებელი არ არის ისევე, როგორც საქართველოს ელჩი. აშშ-ის ელჩი ანგარიშვალდებულია ამერიკელი ხალხის წინაშე და არა ქართველი ხალხის და გასაგებია, რომ მისი დამოკიდებულება სხვანაირია, ვიდრე ჩვენ გვაქვს, ქართველ პოლიტიკოსებს. თუმცა, ეს პარტნიორობა ჩვენს ხალხებს შორის იმსახურებს იმას, რომ ის დამოკიდებულება, რაც ჩვენ გვქონდა აშშ-ის მიმართ, ეს პარტნიორობა იმსახურებს იმას, რომ საპასუხოდ მტკიცებულებები მაინც იყოს წარმოდგენილი. პრობლემა გადაწყვეტილებაში არ არის, ამერიკას აქვს თავისი გადაწყვეტილებები. ჩვენც სავიზო შეზღუდვები შეიძლება გვქონდეს. მათ შორის აშშ-ის ერთ-ერთი მოქალაქე არ დაიშვა საქართველოში. პრობლემა იმაშია, რომ არავინ თვლის ქართველ ხალხს ღირსად, რომ მტკიცებულებები წარუდგინოს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება