fbpx

ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ მისაღები მედიკამენტების სია გაიზარდა

ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ მისაღები მედიკამენტების სია გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, თამარ მელიქიძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, გარკვეულ მედიკამენტზე დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც საჭირო გახდა ალტერნატიული მედიკამენტების დამატება. მისივე თქმით, ძირითადი პრობლემა ეპილეფსიის მედიკამენტებზე იყო.

„პროგრამის ყველა მიმართულებას აქვს თანხობრივი ლიმიტები. დანართის ცვლილების აუცილებლობის მიზეზი გახდა ის, რომ გარკვეული მიმართულებით მედიკამენტების დეფიციტი გაჩნდა და არა ის, რომ ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა იყო. ჩვენ დავიწყეთ სააფთიაქო ქსელებთან თანამშრომლობა, რომ იმ მედიკამენტების ალტერნატივა მოგვენახა, რომელიც დეფიციტში ჩაჯდა, შემდეგ ეს ალტერნატივა გაგვეტარებინა ექსპერტების ჭრილში, თუ რამდენად მისაღები იყო, ასევე შეგვედარებინა ხარისხთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე და შევჯერებულიყავით. ამის გათვალისწინებით, შევთანხმდით გარკვეული მედიკამენტების დამატებაზე. სააგენტოს ვებ-გვერდზე ყველა ცვლილება არის განთავსებული და ხელმისაწვდომი. ამასთან, სააფთიაქო ქსელებთან, ვისთანაც ხელშეკრულება გვაქვს, გადაგზავნილია ცვლილება. ელექტრონული რეცეპტის გვერდზე, სადაც ექიმები მუშაობენ, განვათავსეთ წერილი, რომ მიაქციონ ყურადღება ბრძანებაში არსებულ ცვლილებას.

ძირითადი პრობლემა ეპილეფსიის მედიკამენტებზე იყო. შედეგად, ჩვენ დავამატეთ ეპილეფსიის ჯგუფისთვის სხვადასხვა დოზის მედიკამენტი „ეპიქსი“. ასევე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისთვის ორი სხვადასხვა დოზის მედიკამენტიც. მინდა გითხრათ, რომ ახალ მედიკამენტებზე გამოწერა მიდის, რეცეპტები იწერება. ამ წუთას, უკმაყოფილო ჯერ არავინაა. რაც შეეხება მედიკამენტების სიის შემცირებას, არ გვიფიქრია და არც ვაპირებთ სიის შემცირებას. ექსპერტებთან გავლილი გვაქვს აღნიშნული საკითხი და ჩათვალეს, რომ ის, რაც გვქონდა, იყოს. ყველა მედიკამენტი მისაღებია“, – აღნიშნავს თამარ მელიქიძე.

როგორც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი განმარტავს, მიმდინარეობს მუშაობა, რომ გადაიხედოს დაავადებების ჯგუფების მიხედვით დაწესებული წლიური ლიმიტი, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები მედიკამენტს იღებენ.

„არის მეორე პრობლემა, რასაც წლიური ლიმიტი ჰქვია. ამ მიმართულებით ვმუშაობთ პოლიტიკის დეპარტამენტთან, რომ ლიმიტი გადაიხედოს. წლიური ლიმიტი წინა წლების მიხედვით დაითვალა და შესაბამისად, დასჭირდა კორექტირება. თითოეული ჯგუფისთვის წლიური თანხობრივი ლიმიტია განსაზღვრული. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ალბათ, რაღაც კორექტირებას ამ მიმართულებით შევიტანთ“,- აღნიშნავს მელიქიძე.

მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://nha.gov.ge/ge/c/medicines

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება