fbpx

“ქვე -ყანიდან ყველა წავალთ ზე- ყანაში”-ო. მშვიდობით არა, ნახვამდის ჩემო მაგარო გელა-კახა მუხაშავრია

როგორც თვითონ ამბობდა ამ “ქვე ყანიდან ყველა წავალთ ზე ყანაში”-ო. მშვიდობით არა, ნახვამდის ჩემო მაგარო გელა!ამ სიტყვებით დაემშვიდობა მამას კახა მუხაშავრია. თბილისის კოლორიტი ,აკადემიკოსი ,ექიმი გელა მუხაშავრია გარდაიცვალა,,,იქსნიუსი ,,უსამძიმრებს მის ოჯახს!

ისტორიები ავლაბრიდან იწყება, დედ-მამისეული სახლიდან, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ავლაბარში პატარა სახლი ღია, დიდი აივნით. ეს აივანი მეგობრების თავშეყრის ადგილია. აქ ყველაფერი განსაკუთრებით გემრიელია. სხვაგვარი სითბოა. მთავრი ფუფუნება – სიყვარულია, ურთიერთობები… სომხური თეატრის წინ ცხოვრობს, იქვე ბირჟაა, ქუჩაც იცის და ბიჭები ქუჩაში პატივისცემით ეპყრობიან. “მუხა გელას” ეძახიან. 18 ნომერი ტრამვაი სახინკლესთან აუხვევს და კოლმეურნეობის მოედანზეც სახინკლესთან გაჩერდება. ამ მარშრუტს “ოტ ხინკალი – დო ხინკალს” დაარქმევენ ბიჭები. ბარათაშვილის დაღმართზე, მუხრანის ხიდთან სიჩქარეაკრეფილ ტრამვაის ვაგონიდან გადმოხტომა თბილისური ილეთია და ბიჭიც ისაა, ვისაც “ზადნით” ჩამოხტომა შეუძლა. ამას ადვილად ახერხებს. სპორტული აღნაგობის ბიჭია, აკრობატიკაც უყვარს და ზოგჯერ თუ ხასიათზეა, მისალმებისას ერთ კარგ აკრობატულ ილეთსაც გააკეთებს, ყირასაც გაჭიმავს. თუ უსამართლობას ნახავს სადმე, იჩხუბებს კიდეც. “ჩვენი იარაღი მუშტები იყო, სხვა იარაღს ვინ იკადრებდა, ეს იყო თბილისელობა, უკადრებლობა, თავმდაბლობა, ქალის პატივისცემა, მოკრძალება.”

მოგვიანებით, როცა ყმაწვილკაცობა ჩაივლის და პროფესიას აირჩევს, თავიდანვე წარმატებული და გამორჩეული ხდება თავის დარგში, პროქტოლოგიაში. შემცვლელი არ ჰყავს. სამწუხაროდ, არც კონკურენტი.

გაცნობისთანავე ხელს ჩამოგართმევს, წარგიდგებათ – “გამარჯობათ, მე ტრაკის ექიმი ვარ, გელა მუხაშავრია…” და ამ უხერხულ სიტყვას (და კიდევ ბევრ სხვასაც) ისე გეტყვის, ვითომც არაფერი, რადგან ორგანოს, რომელსაც ის მკურნალობს, სულხან საბას ლექსიკონითაც ზუსტად ასე ჰქვია და უარყოფს ყველა მის სინონიმს – საჯდომი, გვამისთავი, უკანალი. ხალისიანი მოსაუბრეა. არტისტული ბუნება აქვს… გადაუღებელი ფილმის პერსონაჟია.

მისი ნომერ პირველი გამონათქვამია – “თუ გინდა იყო რაც გსურს, იყავი ის, რაც ხარ!”’ გამონათქვამები ბევრი აქვს – “სხვისთვის მორალის კითხვას მორალურად სიარული სჯობს”. “პროქტოლოგიავ, მე შენი მუდმივი ტყვე ვარ. ჩემი ახალგაზრდობა და ტალანტი სწორი ნაწლავის კედელში მყუდრობს და ბერდება”. “შენ იყავი ჩემზე კარგად, ჩემზე უკეთესად,” – ამბობს და ასეც ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ საოცრად გახსნილი ადამიანია, მაინც ამბობს – “ადამიანი ისე წავა, ბოლომდე მაინც არასოდეს იხსნება… როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმება”.

ხუმრობა ხასიათში აქვს გამჯდარი. “თუ არ დავიწყე ვარჯიში, ჩაწყდა ცხოვრების კლავიში.”

“ჩემი ცხოვრება ტრაგიკულია, რამეთუ ზოგჯერ ტრაკიც გულია.” – ან ასე იტყვის – “რადგან თვალისგან დაფარულია, ტრაკი ყოველთვის დაჩაგრულია.” ამას ხშირად იმეორებს. ასე რომ არ თქვას, მაშინ ის გელა მუხაშავრია აღარ იქნებოდა.

საქართველოში პროქტოლოგიური ცენტრის შექმნის დღიდან მისი უცვლელი ხელმძღვანელი გელა მუხაშავრიაა. ათი ათასზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული. როცა ამ დარგში მოღვაწეობა დაიწყო, მაშინ პროქტოლოგია აუთვისებელი დარგი იყო საქართველოში. დღესდღეობით მას საავტორო ოპერაციებიც აქვს გაკეთებული.

“მედიცინა არ არის ბიზნესი, ამ სიტყვის ღრმა გაგებით. მას მოაქვს ძალიან ცოტა მოგება, მაგრამ ეს ძალიან დიდი შინაგანი სიამოვნებაა, აღფრთოვანება, სიმშვიდეა, რადგან ხარ შუამავალი მკურნალი, შუამავალი – ღმერთსა და პაციენტს შორის. მედიცინაში უნდა დაიფერფლო, გიყვარდეს მედიცინა და არა საკუთარი თავი, ამ ასპარეზზე.”

უსახსრობის მიზეზით, პაციენტი კლინიკიდან არასდროს გაუბრუნებია.

– ხშირად გაუსაძლისი ტკივილებით მაკითხავენ და ფულზე ლაპარაკი უზნეობაა. ამიტომ გამოვაკარი კლინიკაში ფასები, მაგრამ იქვეა მინაწერი – “თუ არ გაქვთ, რამდენიც შეგიძლიათ გადაიხადეთ.” არავის სჭირდება ისე თანადგომა და დახმარება, როგორც ავადმყოფს, მით უფრო, როცა ეს შენი არჩევანია. ოპერაციის დაწყება არაფერია. მთავარია როგორ დასრულდება და როგორ გამოხვალ მდგომარეობიდან. ექიმი პასუხისმგებელი უნდა იყოს თავისი მოქმედების სისწორეზე და არა დაავადების გამოსავალზე. ექსტრემალური სიტუაციები უფრო გაწონასწორებულსა და მობილიზებულს მხდის.

პროქტოლოგიის თეორიისა და პრაქტიკის პროფესორიც არის და დოქტორიც. უამრავი სამეცნიერო შრომის, სახელმძღვანელოს ავტორია.

ჰალსტუხი არასოდეს კეთებია. ჩაცმულობის სტილითაც ამოვარდნილია ჩარჩოებიდან. ორმოცდაათიან წლებში, პირველად რუსთაველზე გურამ რჩეულიშვილი დაუნახავს მაღალყელიანი ფეხსაცმლით. მოეწონა. სხვები ფეხსაცმელს ხომ სიმსუბუქის გამო ირჩევენ, მას პირიქით – დღესაც მძიმე და ყელიანი ურჩევნია. არ ეზარება ყველგან ატაროს დიდი და მძიმე შავი საკვოიაჟი და პატარა ხელჩანთა. წიგნები. კაშნეები. პირადი დღიური, მედიკამენტები, ფარანი, წნევის აპარატი და ერთი ბოთლი ნატურალური ღვინო.

– ღვინოს თქვენობით ველაპარაკები. ჩემთვის ღვინო თილისმასავითაა. ამიტომ სადაც ვარ ერთი ბოთლი კარგი ღვინო ყოველთვის თან მაქვს. ღვინო წამალივითაა, – თუ ზომიერად დალევ – გარგებს, თუ ზედმეტად – გაწყენს. ღვინოს უნდა მოუარო, პატივი სცე. მე ყოველდღიურად ვვარჯიშობ და თითო ჭიქას ისედაც ვსვამ ყოველ დღე, რადგან ეს საუკეთესო მატონიზებელი და დამამშვიდებელი საშუალებაა, ოღონდ მხოლოდ ჯანსაღ, ნატურალურ ღვინოს ვგულისხმობ.

თავს გადახდენილი სასაცილო ისტორიები ბევრი აქვს. ერთხელ პაციენტი მივიდა, ვერ იცნო ექიმმა. “დაბარებული ვარ და ვერ მიცანითო?” “რა პრობლემაა, გაგსინჯავთო”… როცა პაციენტი სავარძელზე მოთავსდა, ექიმმა დახედა თუ არა “იმ არემარეს”, მაშინვე იცნო, – “კაი გამარჯობა შენი, მშვენივრად გამოიყურებიო…”

ერთხელ სუფრასთან, ცხვირდაბინტული ქალი დაუჯდა, როცა გაიგო რომ ექიმი იყო, ჰკითხა სად მუშაობთო. რესპუბლიკურ საავადმყოფოშიო, – უპასუხა გელამ. რა სპეციალობითო? – ქირურგი გახლავართო… რისიო? (აღარ მოეშვა ქალი) გელა დაინტერესებული ქალბატონისკენ გადაიხარა და სრული პასუხი გასცა – “ქალბატონო, წოპე ვარ ტრაკიდან!”.

ამასწინათ კაბინეტში ერთი კაცი მისულა. “გელა თქვენ ბრძანდებით?” “შედი გასასინჯში და ახლავე მოვალო”, – უთქვამს გელას. ის “მოამზადეს,” პაციენტი ეგონათ. მერე ექიმი შევიდა. გასინჯა. “არაფერი არ გჭირს, ჩემი ავადმყოფი შენ არ ხარო”. კაცმა უთხრა, “გასასინჯად კი არ მოვედი, რაღაცეები გამომატანეს გურიიდან და ის მოგიტანეთო…”

მნიშვნელოვანი, რაც მასთან ურთიერთობის შემდეგ რჩება, არის ბავშვური უშუალობა. ის დიდი ბავშვია ხან სერიოზული, ხან – არასერიოზული, ხანაც – სევდიანი. ასე ამბობს, “ვერ დავღვინდიო”.

თავისუფალი ადამიანია, შემოქმდებითი ნატურა. მის სამუშაო მაგიდაზე მუდმივად არეულობაა. მოწყენითაც არ მოიწყენს, რაღაცას გამონახავს – წაიკითხავს, ან რაღაცას დაწერს. დისციპლინა და რეჟიმი უყვარს. მოწესრიგებულია. საოცრად პუნქტუალური. ის ყოველთვის ღიაა სიახლისთვის.

– ყოველი ოპერაცია ახალს ბადებს, ჩემს საკუთარ ხელწერას ვქმნი. სწორი ნაწლავი ჩემთვის გულის, ფილტვის, ტვინის დონეზეა აყვანილი. ეს არის ორგანო, რომელსაც ყველაზე დიდი ჯაფა ადგას ჩვენს ორგანიზმში. შეიძლება ოპერაციის გარეშეც კი განიკურნოს პაციენტი თუ დროზე მიხედავს თავს და ჩვენთან დროულად მოვა. მაგრამ, ექიმბაშები და სიაფანდები მომრავლდნენ, მაგალითად ასეთი – “ვარჩენ ბუასილს დაჟინებული მზერით” და ა.შ. ჯანმრთელი ორგანო, რომელსაც ჩვენ ვმკურნალობთ, ლამაზია შესახედავად, დაავადებული კი, რთულია სამკურნალოდ.

დილა არაჩვეულებრივად იწყება. თბილისური ხედებით. ისევ ისეთი ხმაურიანი აღარაა ეზო, მაგრამ თავად მაინც ხმაურობს. მოგვიანებით კი, თავის დღიურში ჩაწერს და იტყვის იმას, რაც ეტკინა, ან გაეხარდა, იტყვის ისევე უბრალოდ და გასაგებად როგორც მას სჩვევია და ამ სევდასთან, დარდთან, თუ სიხარულთან ის ყოველთვის მართალია.

იცის, რომ აქედან არასდროს წავა, სხვა ქვეყანაში ვერ იცხოვრებს, რომ ადამიანს ერთ მხარეს ეშმაკი უზის და მეორე მხარეს ანგელოზი, რომ ოჯახი ყველაზე ტკბილია, რომ გარდაცვლილი მეუღლის მონატრება არ ასვენებს და რომ “სოფელი ბინდისფერია და უფრო და უფრო ბინდდება”, რომ “კაცისთვის სიმართლე ყველაზე დიდი კომფორტია..” რომ მოხვეჭისა და სიმდიდრის სურვილი არ ჰქონია, რომ “ნივთი იმით ფასობს, თუ ვინმეს ხსოვნას ატარებს. რომ უნდა გასცე, თუკი რამე გაქვს გასაცემი, რომ ფულს ღირსეული პატრონი უნდა, რომ სიაფანდი არ უნდა იყო, რომ ყველა მარტოა. რომ, კავკასიონის შვილია და რომ “ჩემი პაპები, პაპის პაპები, პაპის პაპის პაპები არიან მთები”. რომ ცუდიც უნდა იფიქრო ზოგჯერ, რომ ყველაზე მეტად სირცხვილის უნდა გეშინოდეს, რომ საქმეს თავი უნდა შესწირო და სხვებზე იზრუნო… რომ მიწაზე მყარად უნდა იდგე.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares