fbpx

“ქართული ოცნების” პიარი უკიდურესად მოიკოჭლებს-რამაზ საყვარელიძე

“კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს-

“არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ – ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნების” პიარი უკიდურესად მოიკოჭლებს. კორონავირუსთან ბრძოლის შედეგები ვახსენეთ და რომ არა ყოველდღიური ინფორმაცია იმის თაობაზე, რა ხდება მსოფლიოში და ჩვენთან, რომ არ ვხედავდეთ ციფრებში ასახულ ამ პროცესს, ალბათ, ვერც გავიგებდით, ვინ რას აკეთებს. თვითონ “ქართული ოცნების” მიერ ნორმალურად გაპიარებული ეს თემა არსად მინახავს. ან საერთოდ ვერ ახერხებენ საიმიჯო კამპანიების დაგეგმვას, ან ისე უხარისხოდ და ცუდად აკეთებენ, ისევ “ქართულ ოცნებაზე” ბრაზდება ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ “ქართულ ოცნებას” პოზიტიური პიარის უნარი ამ რვა წლის განმავლობაში არ ჰქონია და არც ახლა აქვს. რაც შეეხება იმას, რატომ იყენებენ ნეგატიურ პიარს და იყენებენ ამაში “ნაციონალურ მოძრაობას”, ამგვარი რამ ყველგან ხდება – თუ ოპონენტი იძლევა საშუალებას, მისგან საფრთხობელა გააკეთო, ასეც უნდა მოიქცე. აგერ, “დემოკრატებისგან” საფრთხობელას აკეთებს ტრამპი და “დემოკრატებიც” ამითვე პასუხობენ – ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ხერხი. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ნეგატივს ამართლებს “ნაციონალური მოძრაობა” იმ ნაბიჯებით, რომლებიც თუნდაც ბოლო ხანს გადადგეს…”

ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხე და ამდენი გაჭირვებაა და ხალხის დასახმარებლად ხელი არ გაუნძრევიათ. მხოლოდ ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მხარდაჭერა ქვეყანას და ამას ამომრჩეველი კარგად ხედავდა. ბუნებრივია, ასეთი ძალის ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივის საფრთხედ წარმოჩენა და მისგან საფრთხობელას შექმნა რთული არ არის. ამას დაამატეთ ბოლო ხანს მომხდარი ტრაგედიები. როდესაც ახალგაზრდები დაიღუპნენ, რა გააკეთეს და კვლავაც რას აკეთებენ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მხარდამჭერი მედია? ცხედრებს გაცივება არ აცალეს და ისეთი რამეები იკადრეს, დღესაც ლამის საფლავიდან თხრიან, რაც ქართული კულტურისთვის ყოვლად მიუღებელია. და რა გასაკვირია, რომ ამით “ქართული ოცნება” სარგებლობს? “ნაციონალური მოძრაობა” ისე იქცევა, ფაქტობრივად, აიძულებს მმართველ პარტიას, ამ რელსებზე გადავიდეს. მმართველი პარტიისგან ხსენება მაინცდამაინც არც სწყინს “ნაციონალურ მოძრაობას”, მათთვის ეს კომფორტულია, რადგან მათთვის დღეს მთავარი ამოცანაა, როგორმე მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი შეინარჩუნონ”, – მიიჩნევს რესპონდენტი.

“არჩევნებამდე ორი თვით ადრე ასეთი კომფორტული მდგომარეობა, როგორიც ახლა აქვს, “ქართულ ოცნებას”, მგონი, აქამდე არც ჰქონია. ისე ჩანს, რომ საარჩევნო პროცესში ჩართული ძლიერი ფიგურების დეფიციტი აშკარად არა აქვს, რაც ადრე ნამდვილად შესამჩნევი იყო. მმართველი ძალის რიგებში აქამდე არ ჩანდა გახარიას მსგავსი ფიგურა, რომელიც ლოკომოტივის ფუნქციას იტვირთებდა – ადრე ამგვარი მხოლოდ ივანიშვილი იყო. მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენამაც დაგვანახა, რომ “ოცნებამ” მათ შერჩევაზე დიდი ძალისხმევა დახარჯა. დიდი რეზონანსი გამოიწვია კახი კახიშვილისა და დავით სერგეენკოს გამოჩენამ ამ ასპარეზზე. საზოგადოებისთვის ასეთი ულაპარაკოდ მისაღები კანდიდატები, რომლებიც პარტიულობაზე მაღლა დგანან, ვფიქრობ, დიდი ფუფუნებაა. გარდა ამისა, “ოცნებას” აქვს ადმინისტრაციული და დიდი ფინანსური რესურსი, ჰყავს გამწევი ძალა გახარიას სახით და რა საჭიროა ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი? მით უფრო, რომ მას აშკარად არ სურს ჩარევა. რამდენი ხანია, არაფერზე ჰქონია რეაქცია… ვფიქრობ, ამ ეტაპზე მან სწორი სტრატეგია აირჩია – როცა არ არის საჭირო, ვფიქრობ, რესურსების ზედმეტი ექსპლუატაცია დაუშვებელიც კია. ალბათ, სიაში ბევრი რამ იქნება საკამათო, როგორც ყველა სიაში. ვნახოთ…” – განაგრძობს ექსპერტი.

“ჯერჯერობით რომელი კანდიდატებიც დაასახელეს, ვფიქრობ, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები არავისზე ნაკლებად არ გამოიყურებიან, შესაბამისად, იქნება სერიოზული ბრძოლა. ბევრგან, ალბათ, საჭირო გახდება მეორე ტური. თავიდანვე აშკარად ჩანდა, რომ ოპოზიციას მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება გაუჭირდებოდა, რაც არც მიკვირს. პოლიტიკოსები ასე სვამენ საკითხს – ელენე ხოშტარიამ რომც გაიმარჯვოს ვაკეში, რას მიიღებენ ამით სხვა ოპოზიციური ძალები, რა ხეირი ექნებათ ამისგან? ერთადერთი, რასაც ამბობენ, საერთო ოპოზიციური მიზანია ივანიშვილის დამარცხებაო, მაგრამ იმასაც ხედავენ, რომ ეს ახლა შეუძლებელია. რომც იყოს შესაძლებელი, აქ ისმის უკვე მეორე კითხვა: ივანიშვილი თუ დამარცხდა, ვინ იქნება გამარჯვებული? ვის გამარჯვებაზე უნდა იზრუნოს ოპოზიციამ? “ნაციონალური მოძრაობა” სრულიად დარწმუნებულია, რომ ის არის ოპოზიციური გაერთიანების მთავარი ძალა და გამარჯვებაც მისი იქნება, რაც სხვა პარტიებს ხელს სულაც არ აძლევთ. წარმოვიდგინოთ, რომ ივანიშვილი მართლაც დამარცხდა… ხომ წარმოგიდგენიათ, “ნაციონალური მოძრაობა” რა დაუნდობელი იქნება სხვა ოპოზიციური ძალების მიმართ?! ამიტომაც ყველა პარტიამ თავისი თამაში წამოიწყო. ხედავენ, რომ ივანიშვილის დამარცხება, ფაქტობრივად, შეუძლებელია და ახლა ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მანდატი მოიპოვოს.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares