fbpx

ფესტივალი – „ევროპალია-საქართველო“

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის ჩართულობით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში.

საფესტივალო პროგრამა მოიცავს ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივ პროექტებსაც, ხოლო საქართველოს კულტურა და ხელოვნება ყველა ასპექტში იქნება წარმოდგენილი უძველესი ცივილიზაციიდან დღემდე: ეს იქნება საგუნდო მუსიკა, თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები თუ სხვა. მარტო იმის დასახელება რად ღირს, რომ ნიკო ფიროსმანის გამოფენა ვეროპაში მომავალი წლის მარტის ჩათვლით იქნება ნაჩვენები.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ორი მთავარი, უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენა „ავანგარდი საქართველოში -1900-1936“ და ,,საქართველო – შეხვედრების ადგილი“ პირველად იმართება ევროპაში და უკვე გაიხსნა ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრში (BOZAR). სწორედ ამ გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ვალერი ასათიანი და გამოფენის მესვეურებს და ბელგიის მეფე-დედოფალს მიესალმა.

ამ დღეებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმმა მოისმინა აკადემიკოს ვალერი ასათიანის ინფორმაცია ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ მიმდინარეობის შესახებ.

როგორც აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა აღნიშნა, მეცნიერებათა აკადემია მიესალმება საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად ქალბატონ თეა წულუკიანის დიდ ძალისხმევას ქართული კულტურის ფართოდ და წარმატებულად წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე, ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით ბელგიაში-ბრიუსელში. ეს გახლავთ ძალზედ მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება