fbpx

საპატიო თბილისელად არჩეული თამაზ მაღლაკელიძის სტრატეგიები თბილისზე

2023 წლის თბილისობაზე საპატიო თბილისელად დასახელებული თამაზ მაღლაკელიძე საზოგადოებას მისეულ გეგმებს აცნობს, თუ როგორ წარმოუდგენია თბილისის განვითარება. თამაზ მაღლაკელიძე თბილისელებს ეხმიანება და თავის სტრატეგიებს გვიზიარებს:

,,ჩემთვის ამ აღიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმ ქალაქის და მოქალაქეების აღიარება, რომელსაც მთელი ცხოვრება ვემსახურები, საოცრად ამაღელვებელია. ეს ყოველივე კი ჩემი კოლეგების, ოჯახის მხარდაჭერის და ჩემი პაციენტების ნდობის დამსახურებაა.

როგორც საპატიო მოქალაქე, მზად ვარ შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობა, რომელიც  ჩვენი საზოგადოების რესპირატორული ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა  და თბილისის განვითარებაში წვლილის შეტანას  გულისხმობს.  ეს ყოველივე კი შემდგომ სტრატეგიებს მოიცავს:   

1.ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება:

თბილისი, ისევე, როგორც ბევრი ურბანული ქალაქი, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგას. ელექტრო მანქანების პოპულარიზაცია და ჰაერის ხარისხის მონიტორინგი წინ გადადგმული ნაბიჯია დამაბინძურებელი აგენტების შესამცირებლად და, შესაბამისად, ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

2. მწვანე სივრცეების გაზრდა და ურბანული დაგეგმარება:

საჭიროა მწვანე სივრცეების, პარკებისა და ფეხით მოსიარულეთათვის ტერიტორიების გაფართოება, რათა უზრუნველვყოთ ბუნებრივი ხერხით ჰაერის გაწმენდა და ფიზიკური დატვირთვის პოპულარიზაცია.

3. სიგარეტის მოწევის რეგულაცია:

საჭიროა გამკაცრდეს მოწევის საწინააღმდეგო რეგულაციები. საჭიროა პოპულარიზაცია გავუწიოთ თამბაქოს თავის დანებების პროგრამას მწეველთა პრევალენსის შესამცირებლად. ასევე, საჭიროა ინვესტიცია პროფილური დაწესებულებების განვითარებაში, რათა უზრუნველვყოთ შესაბამისი პროფესიონალების ტრენინგები და მტკიცებულებაზე დაფუძვნებული მედიცინის  ფართე გამოყენება. 

4. ცნობიერების გაზრდა:

საჯარო კამპანია ფილტვის ჯანმრთელობაზე ცნობიერების გაზრდის მიზნით. საჭიროა მოქალაქეებს მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია სუფთა ჰაერის, სწორი ნუტრიციული კვების და რეგულარული ფიზიკური აქტივობის საჭიროების შესახებ.

5. ადრეული დიაგნოზი და პრევენცია:

საჭიროა რეგულარული ჩეკ-აპ პროგრამებისა და სკრინინგ ტესტების შემოღება ფილტვის დაავადების ადრეული დიაგნოსტირების და, შესაბამისად, დროული მკურნალობისათვის. ამ სტრატეგიების განხორციელებით თბილისის მოქალაქეებს შეეძლებათ ისუნთქონ სუფთა ჰაერი, ისარგებლონ ცხოვრების მაღალი ხარისხით და შეინარჩუნონ ფილტვების ჯანრმთელობა”.

თამაზ მაღლაკელიძე გახლავთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;  საქართველოს რესპირატორული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებთან  ბრძოლის  გლობალური ალიანსის კოორდინატორი  სამხრეთ კავკასიაში; ევროპის რესპირატორული, ამერიკის თორაკალური და რუსეთის რესპირატორული ასოციაციების წევრი; ღირსების ორდენის კავალერი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება