ფაშინიანის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მან გაიმარჯვა, მაგრამ არ მიიღო მანდატი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის რადიკალური გარდაქმნისთვის-დავით ქართველიშვილი – იქსნიუსის პოლიტიკური მიმომხილველი

სომხეთში დასრულებულ არჩევნებში ფაშინიანის გამარჯვება (დაახლოებით 49,8%-ით), რაც მას პარლამენტში უმრავლესობის დამოუკიდებლად ფორმირების შესაძლებლობას აძლევს, თუმცა არა საკონსტიტუციო უმრავლესობას – არ ნიშნავს რევოლუციას. ეს, პირველ რიგში, ნიშნავს სომხეთის იმ მტკივნეული გეოპოლიტიკური შემობრუნების გაგრძელებას, რომლის მიზანია რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის ზონიდან გამოსვლა და დამოუკიდებელ სუბიექტად ჩამოყალიბება. მთავარი კონკურენტის, სამველ კარაპეტიანის ბლოკის მიერ მიღებული დაახლოებით 23% კი აჩვენებს, რომ პრორუსული ძალები კვლავ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ფლობენ, თუმცა ხელისუფლების დაბრუნებისთვის საკმარისი რესურსი ამ ეტაპზე არ გააჩნიათ.

სამხრეთ კავკასიისთვის ეს შედეგი მთლიანობაში სტაბილიზაციის ფაქტორია. სომხეთი რომ მკვეთრად დაბრუნებულიყო მოსკოვის ორბიტაზე, რეგიონი კვლავ აღმოჩნდებოდა ბაქო–თბილისისა და რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების დაპირისპირების ხაზზე. ფაშინიანის გამარჯვება ინარჩუნებს შანსს სომხეთ-აზერბაიჯანის საბოლოო მშვიდობისთვის, კომუნიკაციების გახსნისთვის და იმისთვის, რომ სომხეთი იზოლირებული გეოგრაფიული ჩიხიდან ეტაპობრივად რეგიონული ეკონომიკის მონაწილედ იქცეს.

თუმცა სომხეთი მაინც რჩება რეგიონის ყველაზე სუსტ რგოლად. საქართველოსა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ის დღემდე არ არის ინტეგრირებული აღმოსავლეთ–დასავლეთის მთავარ სატრანზიტო, ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ დერეფნებში. თბილისი და ბაქო უკვე თავად წარმოადგენენ დერეფანს, მარშრუტს, ინფრასტრუქტურას და გეოეკონომიკურ აუცილებლობას. ერევანი კი ჯერ კიდევ ცდილობს ამ სივრცეში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. არჩევნები ამ რეალობას თავისთავად ვერ ცვლის.

ფაშინიანის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მან გაიმარჯვა, მაგრამ არ მიიღო მანდატი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის რადიკალური გარდაქმნისთვის.

ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგან ბაქო საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას უკავშირებს სომხეთის სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემიდან ტერიტორიული პრეტენზიების სრულად მოხსნას. ფაშინიანს არ გააჩნია ის საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც მსგავსი ცვლილებების გატარებისთვის იქნებოდა საჭირო.

რუსეთი ამ არჩევნების შემდეგ სომხეთიდან არსად ქრება. მოსკოვი კვლავ შეეცდება გავლენის შენარჩუნებას ეკონომიკის, ენერგეტიკის, ბაზრების, დიასპორული კაპიტალის, ეკლესიისა და პრორუსული პოლიტიკური ძალების მეშვეობით. სომხური პროდუქციის მიმართ დაწესებული შეზღუდვები და სავაჭრო ბარიერები ბევრისთვის აღიქმება როგორც სიგნალი, რომ კრემლი უკმაყოფილოა ერევნის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური კურსით და ცდილობს მას დამატებითი ეკონომიკური ზეწოლა შეუქმნას.

ამავე დროს, ბრიუსელიც არ წარმოადგენს სომხეთისთვის სწრაფ და მარტივ გამოსავალს. ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერა ვერ ჩაანაცვლებს მოკლე პერიოდში არც რუსულ გაზს, არც რუსულ ბაზარს და არც იმ ინფრასტრუქტურულ კავშირებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ამიტომ ფაშინიანის განცხადებები, რომ სომხეთს შეუძლია ევროპული მიმართულებით მოძრაობა, მაგრამ საზოგადოებას არ უნდა შეექმნას ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების ილუზია, უფრო რეალისტურ მიდგომად გამოიყურება, ვიდრე სისუსტის გამოვლინებად.

საქართველოსთვის ეს შედეგი, საერთო ჯამში, ხელსაყრელია. ძლიერი, თუმცა ფრთხილი სომხეთი, რომელიც დაინტერესებულია აზერბაიჯანთან მშვიდობით, ამცირებს სამხრეთ კავკასიაში ახალი სამხედრო ესკალაციის რისკს. ამასთან, თბილისი არ კარგავს საკუთარ ცენტრალურ მნიშვნელობას. თუნდაც სომხეთმა ეტაპობრივად მოახერხოს რეგიონულ პროექტებში ჩართვა, საქართველო და აზერბაიჯანი კვლავ დარჩებიან სამხრეთ კავკასიის მთავარი სატრანზიტო და გეოეკონომიკური ღერძი.

საბოლოო და საკმაოდ მკაცრი დასკვნა ასეთია: ამ არჩევნებმა სომხეთი ჯერ არ გადააქცია ახალ გეოეკონომიკურ ცენტრად, თუმცა არც რუსეთის სრულ პოლიტიკურ მეურვეობაში დაბრუნების საშუალება მისცა. შედეგად, სამხრეთ კავკასიას კვლავ რჩება შანსი ჩამოაყალიბოს მშვიდობაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და სუვერენული სახელმწიფოების ინტერესთა ბალანსზე დაფუძნებული რეგიონული არქიტექტურა, სადაც საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან ამ სისტემის მთავარ საყრდენებად, ხოლო სომხეთი იღებს შესაძლებლობას, საბოლოოდ დატოვოს გეოპოლიტიკური ობიექტის როლი და დაიწყოს რეალური სუვერენიტეტისკენ რთული, მაგრამ აუცილებელი გზა.-იქსნიუსის პოლიტიკური მიმომხილველი დავით ქართველიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება