fbpx

 უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ სურთ ქართველი ხალხის გულის მოგება, ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე საქართველოს უნდა გადმოსცენ

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ სურთ ქართველი ხალხის გულის მოგება, უნდა დაიწყონ იქიდან, რომ ქართველ ხალხს ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე გამოსცენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას „მთავარ არხთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროპულ მომავალს იმსახურებს ქართველი ხალხი და არა – მთავრობა.

„რთულია, სერიოზული კომენტარები აკეთო, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი – უპირველეს ყოვლისა, რაც უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, ეს არის საქართველოს გადმოსცეს ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ერთის წინააღმდეგ განაჩენი ხუთ საქმეზე არსებობს, მას ექვსი წელი აქვს მოსახდელი. ჯამში 19 წელი აქვს მისჯილი და ეს სააკაშვილის რეჟიმის პერიოდი რომ იყოს, მას საქართველოში შეკრებითობის პრინციპით 19 წელი ექნება მოსახდელი. თუმცა, ამ წესებით ახლა 6 წელი აქვს მოსახდელი. დღეს ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია და რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, მართლმსაჯულების რეფორმას კოორდინირებს. მეორე გია ლორთქიფანიძეა, რომელიც მთავარი მოქმედი პირია სააკაშვილის საქართველოში უკანონო შემოპარების. თუ უკრაინის ხელისუფლების ამ წარმომადგენლებს სურთ ქართველი ხალხის გულის მოგება, უნდა დაიწყონ იქიდან, რომ ქართველ ხალხს ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე გადასცენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრის განცხადებას, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ყურადღება არ უნდა მიაქციონ.

„გადაჭარბებული ყურადღება არ უნდა მივაქციოთ უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრის განცხადებას საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მათ შორის, როცა ვიცით, პირდაპირი აფილირება რაც არსებობს ამ პოლიტიკოსსა და სააკაშვილს შორის. თუ რაიმეზე შეიძლება, იყოს საუბარი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ისაა, რომ ქართველ ხალხს ადეიშვილი და ლორთქიფანიძე გადასცენ ნაცვლად იმისა, რომ ერთი იყოს გენერალური პროკურორის მრჩეველი და მეორე უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე. ეს არის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც ვგრძნობთ, როცა ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენები არიან უკრაინაში თანამდებობაზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება