fbpx

სუს-ის ინფორმაციით, წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრი თაღლითობის ფაქტზეა დაკავებული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, გელა აბულაძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, წალენჯიხის საკრებულოს წევრი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზეა დაკავებული.

მათივე განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ საკრებულოს წევრმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მოსთხოვა, მასთან დაახლოებულ პირებზე საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება, რის საფუძველზეც მერის წარმომადგენელმა შეადგინდა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში, საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებზე და ნათესავებზე, საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა. თითქოსდა მათზე საკარმიდამო მეურნეობის მოწყობის მიზნით, გაცემული იყო ე.წ. „ლეციმინტიეს“ უბანში მდებარე ფერმის და მის მომიჯნავედ არსებული ტერიტორია. მისი თხოვნის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრის მიერ მითითებული პირების სახელზე შეადგინდა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც ზემოაღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრის მეშვეობით, თაღლითურად საკუთრებაში დაირეგსიტრირეს 406 250 ლარის ღირებულების 100 083 კვ.მ. 9 მიწის ნაკვეთი.

გამოძიების ფარგლებში ბრალდება ასევე წარედგინებათ ყველა ზემოაღნიშნულ პირს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება