fbpx

სუს-ის განცხადებით, „მთავარმა არხმა“ გამოძიებას დამონტაჟებული მასალა გადასცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „მთავარი არხის“ მიერ კოვიდსტატუსის შესახებ მომზადებული სიუჟეტის თაობაზე მიმდინარე, საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით, „მთავარი არხის“ მიერ მიწოდებულ დამონტაჟებულ ვიდეომასალაზე დაინიშნა ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზა და შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხი.

სუს-ის თანახმად, „ტელეკომპანიამ გამოძიებას მხოლოდ ეთერში გასული დამონტაჟებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი მასალა წარუდგინა“.

„საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მთავარი არხის მიერ წარმოდგენილ დამონტაჟებულ ვიდეო მასალაზე დაინიშნა ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზა“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მთავარი არხის“ იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მასალა სუს-ს ზუსტად იმ ფორმატში გადასცეს, რა ფორმატშიც ის ტელეკომპანიაში ინახებოდა.

„არ ხდება ნედლი, შავი მასალის დაარქივება, ავტომატურად იშლება ჩიპებიდან. არაერთხელ გამოთხოვილა სხვა უწყებებიდან მასალა და რა მასალაც მოგვეპოვებოდა, ის მასალა გადავეცით“, – ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათ გამოიძიეს და გამოიკვეთა, რომ „მთავარმა არხმა“ 20 ივნისს დეზინფორმაციული სიუჟეტი მოამზადა. უწყებაში აცხადებენ, რომ მასალა, რომელშიც გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსით ინფიცირების სანაცვლოდ 10 ათას ლარამდე თანხის მიცემაზე იყო საუბარი, სიცრუეზე იყო აგებული.

„გამოძიების პროცესში, გამოიკითხა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ „შაბათის მთავარში“ გასული რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი. რის შედეგადაც დადასტურდა, რომ რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები, სიუჟეტის ავტორთა მიერ, განზრახ იყო დამახინჯებული“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სადავო მასალა „მთავარი არხის“ ეთერში 20 ივნისს გავიდა. მასალაში რესპონდენტები აცხადებდნენ, რომ გარდაცვალებულისთვის კოვიდდადებითი სტატუსის ჩაწერის სანაცვლოდ მარნეულში ოჯახებს 10 ათას ლარს სთავაზობდნენ. ამ საქმეზე 25 ივნისს მასალაში მონაწილე რესპონდენტები სუს-ში გამოკითხეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ საქმის წარმოება კორონავირუსის შესახებ „ცრუ შეტყობინებების“ გაგზავნის დროს დაიწყეს.

ამ მუხლით, საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

გაუზიარე!

Shares