fbpx

სუსის ყოფილი თანამშრომელი უარყოფს იმ ინფორმაციას, რაც მიხეილ რამიშვილმა პროკურატურას წარუდგინა

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მსჯავრდებულია, აცხადებს, რომ მიხეილ რამიშვილს “ადამიანური დახმარების მიზნით” მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზა. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პატიმრის ადვოკატმა დავით ხარატმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მსჯავრდებული უარყოფს იმ ინფორმაციას, რაც მიხეილ რამიშვილმა მისი გამოკითხვის ოქმში მიუთითა და პროკურატურას წარუდგინა. ამასთან, ხარატი აღნიშნავს, რომ მიხეილ რამიშვილი არაკოლეგიალურად მოიქცა და იმგვარი ინფორმაცია გაავრცელა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

“მოგახსენებთ, რომ ვიცავ იმ პირის ინტერესებს, რომელიც დღეის მდგომარეობით პატიმრობაშია. სწორედ, აღნიშნულმა პიროვნებამ მიაწოდა ადვოკატ მიხილ რამიშვილს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზები ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, უბრალოდ ადამიანური დახმარების მიზნით. მიხეილ რამიშვილმა 2020 წლის 3 აგვისტოს გამოკითხა აღნიშნული პიროვნება, თუმცა, მათივე შეთანხმებით მისცა პირობა, რომ ამ ინფორმაციას მიიღებდა ცნობად და მის პიროვნებას არ გაახმაურებდა.

2020 წლის 20 სექტემბერს, მე ადვოკატ დავით ხარატს ტელეფონით დამიკავშირდა მიხეილ რამიშვილი და მკითხა – დაუდასტურებდა თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მას აგვისტოში მიცემულ ინფორმაციას, რაზედაც მე ვუპასუხე, რომ მსჯავრდებულის მონახულებას ვაპირებდი 22 სექტემბერს, არ ვიცოდი მათი საუბრის და შეთანმხების დეტალები, ვკითხავდი და მის (პატიმრის) პასუხს გადავცემდი. თუმცა, მიხეილ რამიშვილმა არ მოიცადა და მეტად პროვოკაციული ე.წ. გამოკითხვის ოქმი წარუდგინა პროკურატურას 21 სექტემბერს. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა კი, 22 სექტემბერს საკმაოდ აღშფოთებულმა ყოველგვარი ინფორმაციის დადასტურებაზე უარი განაცხადა, მე მსგავსი რამ არ მითქვამს ან რატომ ვეტყოდიო, უბრალოდ მივაწოდე ინფორმაცია ექსპერტიზების დროს რისთვის უნდა მიექცია ყურადღებაო, ხოლო ხელი რაზე მომაწერინა არ წამიკითხავსო.

შესაბამისად, მიხეილ რამიშვილი მოიქცა არაკოლეგიალურად, გაავრცელა იმგვარი ინფორმაცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, არ დაელოდა რესპოდენტის პასუხს, რომ აღარაფერი ვთქვათ ადვოკატთა ეთიკაზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს მიხეილ რამიშვილისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რადგან ამ უკანასკნელმა ის გამოიყენა მისი არარეალური, ყალბი და პროვოკაციული მოსაზრებების, პოზიციის გასამყარებლად და არა შეთანმხების თანახმად, მხოლოდ ექსპერტიზების მიმდინარეობაზე კონტროლის განსახორციელებლად”, – აცხადებს ხარატი.

ცნობისთვის, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურაში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი მიიტანა. ადვოკატის თქმით, აღნიშნული პიროვნება დეტალურად აღწერს, თუ როგორ უგზავნიდა თამარ ბაჩალიაშვილს „ფლეშკებს“ და აძლევდა გარკვეულ მითითებებს.

რამიშვილმა აღნიშნული პირის, მისი ოჯახის წევრებისა და საკუთარი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დასაცავად საქართველოში მყოფ ყველა ელჩს მიმართა.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares