fbpx

სოზარ სუბარი: ევროკავშირის წევრობა მხოლოდ კანონმდებლობის თავსებადობას არ გულისხმობს, საჭიროა ეკონომიკური და სოციალური დონეც შესაბამისობაში მოვიდეს ევროპულთან

„პრაქტიკული და სიმბოლური დატვირთვითაც, პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი სწორედ ბრიუსელში უნდა ყოფილიყო – იმ სივრცეში, რომელში ინტეგრაციაც ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა. ვიზიტი უაღრესად ნაყოფიერი იყო, რაც მკაფიოდ გამოჩნდა ირაკლი კობახიძის და ევროკომისრების (ჯოზეფ ბორელი, ოლივერ ვარჰეი) ერთობლივ ბრიფინგზე.“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონეც შესაბამისობაში მოვიდეს ევროპულთან.
„გასული წლის ბოლოს, პოლიტიკაში დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და იგივე გაიმეორა ბრიუსელში ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, 2030 წელს საქართველო ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. თავისთავად ცხადია, ევროკავშირის წევრობა მხოლოდ კანონმდებლობის თავსებადობას არ გულისხმობს, საჭიროა, ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონეც შესაბამისობაში მოვიდეს ევროპულთან. ბიძინა ივანიშვილმა ამ მხრივაც დასახა მიზანი, რომ 2030 წლისთვის საქართველოში სრულად უნდა იყოს დაძლეული სიღარიბე.
ის ეკონომიკური პროექტები, რაზეც ირაკლი კობახიძე ევროკომისიის ხელმძღვანელებთან ლაპარაკობდა, სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება. კერძოდ, ევროკავშირმა საქართველოში ეკონომიკური პროექტების დაფინანსებისთვის 1,9 მილიარდი დოლარის საინვესტიციო კაპიტალის მობილიზება მოახდინა, რაც უნდა მოხმარდეს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მცირე და საშუალო ბიზნესისა და სხვა მიმართულებების განვითარებას. თითოეული ეს დარგი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც – საქართველო არის ერთ-ერთი ის დერეფანი, საიდანაც აღმოსავლეთის დასავლეთთან დაკავშირება დაუბრკოლებლად არის შესაძლებელი.
დღეს განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა ამ დერეფანმა ერთი მხრივ ჩრდილოეთით, უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების, მეორე მხრივ კი სამხრეთით – ისრაელში მიმდინარე ომის გამო. ჩვენთვისაც და ევროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვახდინოთ ჩვენი ენერგორესურსების, უპირველეს ყოვლისა წყლის რესურსების ათვისება და გავხდეთ ენერგიის სტაბილური მიმწოდებელი ევროპისთვის. ეს ჩვენთვის იქნება დამატებითი შემოსავლის, ევროპისთვის კი ელექტროენერგიით მომარაგების ალტერნატიული გზა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც პრემიერმა გაამახვილა ყურადღება, არის ევროკავშირის ბაზრის სრულად ათვისება ქართული პროდუქციით. ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებს ქართული პროდუქცია ხშირად ვერ აკმაყოფილებს და ამის მიღწევას სერიოზული შრომა და გარკვეული დრო დასჭირდება. ევროპული ბაზარი არ არის მარტივი, მაგრამ ამ ბაზარზე დამკვიდრება ქართული პროდუქციისთვის სერიოზული შესაძლებლობაა,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება