საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გიორგი ხოჭავას მიმართა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ რეჟიმის სისტემური დანაშაულები საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, თუმცა მაშინდელი პრეზიდენტის მიერ მეგის ქარდავას, კოხტა კოდუას და თენგიზ გუნავას ვახტანგ გორგასლის ორდენებით დაჯილდოება ადასტურებს, რომ ადამიანების წამება იყო სააკაშვილისთვის განსაკუთრებული პროფესიონალიზმი და ღირსეული სამსახური სამშობლოს წინაშე. სოზარ სუბარმა ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს ციხეებში ტუბერკულოზის გავრცელების პოლიტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს ხდებოდა შეგნებულად და ამ დაავადების გავრცელების შეჩერება მარტივი იყო, ამას ადასტურებს 2013 წლიდან არსებული სტატისტიკა. „ბატონო გიორგი, დიდი მადლობა, რომ მონახეთ ძალა და გაიხსენეთ ის სულის შემძვრელი და ძარღვებში სისხლის გამყინავი ტრაგედია, რაც თქვენ გადაგხდათ თავს. დიდი ბოდიში თქვენს მშობლებს, რომ კიდევ ერთხელ გავახსენეთ ეს უმძიმესი ამბები. კარგად მესმის, რას გრძნობენ, როცა ტელევიზორთან სხედან და კიდევ ერთხელ იხსენებენ ამ მძიმე ამბებს. მინდოდა მეთქვა, რომ ის, რაც თქვენ გადაგხდათ, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის თავს გადამხდარი ისტორია, რომელიც რამდენიმე კრიმინალმა ჩაიდინა. ეს იყო სისტემური დანაშაული, რაც დადასტურებულია, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. სისტემური დანაშაული რომ იყო, ამის დასტურად მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც ადრეც მითქვამს. სწორედ მას შემდეგ, რაც თქვენ დაგაკავეს, გაწამეს, 2010 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა და ამჟამად სასჯელმისჯილმა სააკაშვილმა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, რომელიც მხედრული მამაცობისა და განსაკუთრებული წვლილისთვის ენიჭებათ – ვახტანგ გორგასლის პირველი ორდენით დააჯილდოვა კოხტა კოდუა; ამავე ორდენით, განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, დააჯილდოვა მაშინდელი ზუგდიდის პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა – ის ადამიანი, რომლის გარეშეც ეს ყველაფერი [წამება და არაადამიანური მოპყრობა] ვერ მოხდებოდა. იმავე დღეს, 2010 წლის 20 დეკემბერს, მეგის ქარდავა დააჯილდოვა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით ისევ განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, ხოლო წლინახევრის შემდეგ, 2012 წლის 19 მაისს, ღირსების ორდენით დააჯილდოვა მეგის ქარდავა შემდეგი ფორმულირებით – სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის. ამდენად, ადამიანების წამება იყო მისთვის განსაკუთრებული პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და ღირსეული სამსახური სამშობლოს წინაშე. რაც შეეხება ტუბერკულოზს, ადრე მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ტუბერკულოზის ასეთი გავრცელება იყო აბსოლუტურად შეგნებული პოლიტიკა. როდესაც 100-120 კაციან საკანში სვამდნენ ტუბერკულოზიან ადამიანს [აირწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა] ეს ნიშნავს, რომ 1-2 კვირაში იმ საკანში მყოფი ყველა ადამიანი დაავადდება. სწორედ ამიტომ, წელიწადში დაახლოებით ათასიდან ორიათასამდე ახალი ინფიცირებული ადამიანი იყო ტუბერკულოზით და ბევრი მათგანი სამწუხაროდ ვეღარც გამოჯანმრთელდა. ამის მკურნალობა რომ ადვილი იყო, ჩანს შემდეგიდან – 2013 წელს ახალი ინფიცირებული ადამიანების რიცხვი ჩამოვიდა 60-მდე და ახლა არის ერთეულები. ტუბ-ზონა, რომელზეც თქვენ საუბრობდით, მე გავხსენი და იქ ვმკურნალობდით პაციენტებს. მაშინ აშენდა დაახლოებით 500-საკნიანი ახალი დაწესებულება, სადაც ვმკურნალობდით პაციენტებს. ქალბატონმა თეა წულუკიანმა, იუსტიციის მინისტრობის დროს, ეს დაწესებულება დახურა და ახლა იქ ჩვეულებრივი ციხეა იმიტომ, რომ საჭიროება აღარ არის – აღარ არიან ტუბ-ინფიცირებულები. არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც წერდნენ, რომ ტუბერკულოზის გავრცელების მთავარი წყარო საქართველოსა და უკრაინის ციხეებიდან გამოსული ყოფილი პატიმრები იყვნენ, რომლებიც შემდეგ ხვდებოდნენ ევროპაში. და ბოლოს, ქალბატონმა თეამ გკითხათ ხართ თუ არა გაბოროტებული და პასუხიც მივიღეთ. თქვენ არ ხართ გაბოროტებული, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს სჩადიოდნენ და მხარს უჭერდნენ, დღესაც სოციალურ ქსელში ამბობენ, რომ კი დანაშაული ხდებოდა [ამ კომისიას რომ უსმენენ, ვეღარ უარყოფენ და აღიარებენ], მაგრამ ამბობენ – დანაშაულის მიუხედავად სახელმწიფო შენდებოდა და სახელმწიფოს მკაცრი ხელი სჭირდებაო. თქვენი წამება თურმე სახელმწიფოს მშენებლობას სჭირდებოდა. ამბობენ – რომ გავიმარჯვებთ, იგივე უნდა გავიმეოროთ და ადამიანებს სიცოცხლის უფლება უნდა წავართვათო. საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც მათ იდეებს არ ითვალისწინებს. არაფერი მათთვის არ შეცვლილა და არ დასრულებულა. ამიტომ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება არასდროს დავუშვებთ იმ რეჟიმის დაბრუნებას ქვეყანაში,“- აღნიშნა სოზარ სუბარმა.