fbpx

სემეკს, ენერგოომბუდსმენსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, (სემეკ) ენერგოომბუდსმენის სამსახურსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.

მემორანდუმის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა.  მხარეთა შეთანხმებით, შეიქმნება  ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოქალაქეების სამომხმარებლო ცოდნის ამაღლებას.   

მემორანდუმის ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახური განახორციელებს სამართლებრივ კონსულტაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებისათვის, იურიდიულ ბიუროებსა და საკონსულტაციო ცენტრებში გამოყოფს შეხვედრების სივრცეს ენერგოომბუდსმენისა და სემეკის მიერ მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევის მიზნით. თავის მხრივ, სემეკი და ენერგოომბუდსმენის სამსახური უზრუნველყოფენ  იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ინფორმაციის პერიოდულ მიწოდებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული რეგულაციებისა და პრაქტიკის შესახებ, რაც სამსახურს გაუმარტივებს პროფესიული კონსულტაციებისა და რჩევების გაცემას. 

„სემეკმა დაიწყო აქტიური მუშაობა რეგიონებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მომხმარებელთა ინფორმირებისა და ცოდნის ამაღლების კუთხით. აუცილებელია, რომ მომხმარებელმა იცოდეს თავისი უფლებები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან გადაცდომებისა და დარღვევების ფაქტებს. ჩვენს მიერ წარმოებული კვლევის მიხედვით, რეგიონის მოსახლეობამ ნაკლებად იცის ენერგოომბუდსმენისა და სემეკის შესახებ, როცა ირღვევა მათი უფლებები, არ იციან ვის მიმართონ. შესაბამისად, აუცილებელია როგორც ჩვენი საინფორმაციო აქტივობები რეგიონებში, ასევე თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან. ვფიქრობ, მემორანდუმის ფარგლებში მხარეთა თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.  

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება