fbpx

საქართველო არცერთი პოლიტიკური გუნდის საკუთრება არ არის, ეს ყველა ჩვენგანის ქვეყანაა-იმედა დარსალია,ჟურნალისტი

გადაცემა,,ახალი კვირა,,-ს წამყვანის ,ჟურნალისტ იმედა დარსალიას მონოლოგი-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გამოტანილი ისტორიული ვერდიქტი და ისევ ორად გახლეჩილი საზოგადოება… ორი დღეა ვფიქრობ, რა გვჭირს ასეთი, რომ გამარჯვებაშიც არ ვართ ერთიანი. ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მთავარ ოკუპანტს, რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში 12-წლიანი დავა მოუგო და ახლა ქვეყანაში ვდავობთ, ეს ნაციონალების გამარჯვებაა თუ ქართული ოცნების. არადა საქართველო არცერთი პოლიტიკური გუნდის საკუთრება არ არის, ეს ყველა ჩვენგანის ქვეყანაა და გამარჯვებაც საერთოა.

სამარცხვინოა, მაგრამ ჩვენ არც გუშინ ვიყავით ერთიანი როცა ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ნაგავი დააყარეს თავზე. ერთი ნაწილი კმაყოფილებას ვერ მალავდა, მეორე კი აღშფოთებას. ამჯერად საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოსტს გამოვიყეებ მაგალითისთვის- მიხეილ სააკაშვილმა უკომენტაროდ გააზიარა ვიდეო და არ გაუპროტესტებია ასეთი სამარცხვინო საქციელი მისი პარტიის წევრებისგან. ამ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ხაბაზმა კი თავზე ნაგვის დაყრა გაამართლა და სტატუსიც მიუძღვნა – „ბათუმელი ელისაშვილი ნაგვის ურნის პირველი კავალერი გახდა“ . – ჩვენ რომ ძლიერი საზოგადოება ვიყოთ, გვიყვარდეს ქვეყანა და ზოგადად არ ვიყოთ პოლიტიკურად ანგაჟირებული, თავზე ნაგვის დაყრას ჯერ კიდევ 2 წლის წინ გავაპროტესტებდით, როცა გორის მერიის თანამშრომელმა სამოქალაქო აქტივისტს თავზე ნაგავი დააყარა. არ გავაპროტესტეთ რადგან მაშინაც მთელი საზოგადოიება ანგაჟირებული ვიყავით.

მოგვიანებით ეს საჯარო მოხელე 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გაამართლა. ამის შემდეგ სულაც არ მიკვირს, რომ ნაგვის დაყრა უკვე ჩვევაში გვექცა, და რომ გუშინ მომხდარ ამბავზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბათუმის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ თქვა, რომ თავზე ნაგვის დაყრა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. ჩვენ რომ თავმოყვარე პოლიტიკური პარტიები გვყავდეს, ახლა საზოგადოებას ბოდიშს უნდა უხდიდნენ და ემიჯნებოდნენ ამ საქციელს, მაგრამ სამწუხაროდ ასე თითქმის არასოდეს ხდება, რადგან მოდი ვაღიაროთ რომ აი ასეთი სამარცხვინო შოუები ამ ქვეყნის მოსახლეობის ერთ ნაწილს ჯერ კიდევ მოწონს. მოსახლეობის ერთი ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპანტს მისტირის და ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ რუსული ნარატივით გვესაუბრებიან პოლიტიკოსები. მე იმედა დარსალია ვარ და ჩემი სურვილია, წელს მაინც, საქართველოს გასაბჭოების 100 წლის თავზე მოვახერხოთ და სამუდამოდ ვთქვათ უარი საბჭოთა მემკვიდრეობიდან შემორჩენილ მანკიერ პრაქტიკაზე.

გაუზიარე!

Shares