fbpx

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორს ბოლაჟშ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორს ბოლაჟშ ორბანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

ხაზი გაესვა უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ბოლაჟშ ორბანმა საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, დაიგეგმა ორი ქვეყნის შესაბამისი სამინისტროების შეხვედრა.

საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა დაადასტურა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს. ბოლაჟშ ორბანმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის კაბინეტის უფროსი დორა სივიჩი, უნგრეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მარტონ უგროჟდი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება