fbpx

სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული პატრულის ირაკლი ქუთათელაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა

საქართველოს ეროვნული გმირის, ირაკლი ქუთათელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, რომელმაც სტარტი 21 ივლისს აიღო, დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ეგიდით, მერიის კულტურის სპორტის განათლების, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ ორგანიზებულ მინი ფეხბურთის ტურნირს, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე თედო კაკულიას სახელობის მოედანმა უმასპინძლა. ტურნირში რამდენიმე ორგანიზაცია ჩაერთო და ჯამში რვა გუნდმა იასპარეზა. ტურნირს გახსნის დღიდან ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ირაკლი ქუთათელაძის მამა, ნუკრი ქუთათელაძე, თედო კაკულიას მამა, ბეჟან კაკულია და ტრაგიკულად დაღუპული ირაკლი ქუთათელაძის ოჯახის წევრები და მეგობრები. დავით ბახტაძე-,,სასიხარულოა, რომ აღნიშნულ ტურნირს ასეთი მასშტაბური ხასიათი აქვს. ეს პირდაპირ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, რომელიც ახალგაზრდობისთვის ასე მნიშვნელოვანია. მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად იქნება მსგავსი ინიციატივების მხარდამჭერი. მინდა ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადო და გამარჯვებულ გუნდებს წარმატებები ვუსურვო.” თბილისის საპატრულო პოლიციის ოცმეთაური,სამტრედიის მკვიდრი ირაკლი ქუთათელაძე 2007 წლის ივლისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა. მან მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადამხტარი ახალგაზრდა გოგონა საკუთარი სიცოცხლის ფასად სიკვდილისგან იხსნა და 37 წლის ასაკში გმირულად დაიღუპა. ირაკლი ქუთათელაძეს გარდაცვალების შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა და დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდერით. საპრიზო ადგილოსანი გუნდების ერთკვირიანი ასპარეზობა უკვე გამოვლინდა. გამარჯვებულ გუნდისთვის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ ფულადი ჯილდო და საჩუქრები დააწესა,რომელიც პირველადგილოსანს ტურნირის დახურვის ცერემონიალზე გადაეცა. საფინალო შეხვედრა ,,კრედო ბანკსა” და სპორტკომპლექსს შორის დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმართა. გამარჯვება სპორტკომპლექსმა იზეიმა. მე-2 ადგილი ბანკირებს ერგო, ხოლო მე-3 ადგილზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდი გავიდა. ტურნირზე გამოვლინდნენ ინდივიდუალურ ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელები: ტურნირის ბომბარდირი კობა ბაკურაძე, საუკეთესო მეკარე ილია გიორგაძე, ტურნირის უხუცესი კოლია ჭიქაშუა. ფინალურ მატჩს ესწრებოდნდნ მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულის თავმჯდომარის მოადგილე, ვაჟა სტურუა, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, ირაკლი ქუთათელაძის მამა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება