სამტრედიაში თანამედროვე აგრომეურნეობის წარმატებული მაგალითი —10 ჰექტარზე გაშენებული მოცვის პლანტაცია და 100-მდე დასაქმებული —

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

გრიბოედოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქ სამტრედიისა და სოფელ ეწრის დამაკავშირებელ გზაზე, შპს „Blue Berry 13“-მა 10 ჰექტარ ფართობზე თანამედროვე სტანდარტების მოცვის პლანტაცია გააშენა. მეურნეობაში ამ ეტაპზე პირველი მოსავლის აღება მიმდინარეობს.

მეურნეობა სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო აგროსასურსათო წარმოების სტანდარტების მოთხოვნებს, რაც მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

აღნიშნული პროექტი სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელდა და დღეს უკვე ბიზნესის განვითარების, თანამედროვე აგრომეურნეობის დანერგვისა და ადგილობრივი დასაქმების წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს. მოცვის მოსავლის აღების პროცესში ყოველდღიურად 80-დან 100-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მოქალაქეები.

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მერის წარმომადგენლებთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის მერი კომპანიის საქმიანობას გაეცნო და წარმატებით განხორციელებული პროექტისთვის კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის წარმატებული და სამაგალითო პროექტი, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ინვესტიციები ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ზრდის ეკონომიკურ აქტივობას და ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს დასაქმების შესაძლებლობას. თვითმმართველობა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ინიციატივებისა და საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერას,“ — აღნიშნა დავით ბახტაძემ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტი მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოებისა და დასაქმების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას, რაც მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება