fbpx

სამტრედიამ პროექტს -,,ჰუმანური იმერეთი” 2022 უმასპინძლა

საქართველოში ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებლის, შალვა ამონაშვილის ჩვენს ქალაქში მოწვევა ექიმების იდეაა. მამუკა ქავზინაძე, თინათინ ქიშმარეიშვილი და ნინო გრიგოლია იდეის ავტორები და პროექტის ორგანიზატორები არიან.

მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით სამტრედის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, სენაკის, ვანის, ხონისა და წყალტუბოს პედაგოგებისთვის შალვა ამონაშვილის ლექცია აღზრდისა და სწავლების შესახებ საინტერესო და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.

სულიერებასა და სიყვარულზე დაფუძნებული ხელოვნება, რასაც ჩვენ პედაგოგიკას ვუწოდებთ, ბატონი შალვას ცხოვრების მთავარი საქმეა. ,,პედაგოგიკას ორი საფუძველი აქვს: სულიერება და სიყვარული. ეს არ არის პედაგოგიკა არ არის მეცნიერება, იგი ხელოვნებაა-ადამიანის შექმნის ხელოვნება. ამიტომ სულ უნდა გახსოვდეს: ვინ ხარ შენ მასწავლებელო? რა სული გიდგას? როგორ გიყვარს ბავშვი? ჰუმანური პედაგოგიკა სწორედ მასწავლებლის სულსა და გულზე იქმნება”, ეს ბატონი შალვას დღევანდელი ლექციის მცირე ამონარიდია.

შეხვედრას ამონაშვილის აკადემიის წევრები, პაატა ამონაშვილი და თამარ სხვიტარიძე ესწრებოდნენ. 500-მდე მსმენელთა შორის კი სკოლის პედაგოგებთან და სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად მშობლებიც ესწრებოდნენ.

დავით ბახტაძე: ,,ვფიქრობ, ჩვენი პედაგოგებისთვის ჰუმანური აღზრდის პრინციპებზე დაფუძნებული სემინარი ძალიან საინტერესოა. ბატონი შალვა საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას აწვდის მათ. 21-ე საუკუნეა და საჭიროა აღზრდის პრინციპები პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს. ჩვენ უნდა აღვზარდოთ პროგრესულად მოაზროვნე თაობები. მადლობა ბატონ შალვას და შეხვედრის ორგანიზატორებს.”

თინათინ ხარძიანი ,, მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. დიდი პატივია ჩვენთვის ბატონი შალვას სტუმრობა აკადემიის წევრებთან ერთად. მან კიდევ უფრო სხვაგვარად დაგვანახა განათლების სფერო, გაგვაცნო ბევრი განსხვავებული შესაძლებლობა და შეგვახსენა მთავარი პრინციპი სწავლა-სწავლება, რომელიც სწორედ ჰუმანურ ურთიერთობებს უნდა ეფუძნებოდეს.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება