fbpx

საიქიოდან გამოგზავნილი ფულები, ანუ არგასაზრდელთა „პარადი“

მე მთელი ცხოვრება ვამტკიცებ, რომ საქართველო განსაკუთრებული ბუნებით გამოირჩევა… ჩვენი მიწა, ჩვენი წყალი, ჩვენი მთა, ჩვენი ბარი და ცის კაბადონიც კი რაღაცნაირია, განმაცვიფრებელი და გამაოგნებელი. მეტიც, ეს ერთადერთი ადგილია დედამიწის ზურგზე, სადაც საიქიოდან გამოგზავნილი ფულები ყოველგვარი დაქვითვის გარეშე მოდის – არც საშემოსავლო, არც მოგების გადასახადი, არც დღგ, არც არაფერი.
ესე იგი, მოდის და მოდის… ზოგს სოლიკო უგზავნის, ზოგს – ოლიკო!
აგე, ხოშტარიებს (გოგიას და ჰელენ-ლიაკას) ისევ ჩარიცხვიათ პაპაი გადმოგზავნილი ფულები და უძრავი ქონებაც უყიდნიათ 30 ათას დოლარად ორბეთში – მიწა!
იყიდიან, რათ არ იყიდიან რა! ნეტა ეგეთი გამეტებული წინაპარი ყველას გამოუჩნდებოდეს, გარდაცვალების შემდეგაც რომ არ ისვენებენ და შთამომავლებზე ზრუნავენ!
აბა, პაპაჩემია, ერთ კაპეიკსაც რო არ აგზავნის? დაადო თავი 1941-ში, შემოიცვა „ტელეგრეიკა“, წავიდა ომში და მას მერე აღარ გამოჩენილა. ჰონორარი კი არა, სამკუთხედათ გადაკეცილი წერილიც არ გამოუგზავნია. საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე კი იძებნება ერთი იმ გვარ-სახელის კაცი, მაგრამ მე რა ვიცი, ის არი? თუ თვითონ არ გამოაგზავნა ჰონორარი, რა გავიგო, რა გავარკვიო?!
ისე, რაც მართალია, მართალია… ხო გაკეთდნენ ხოშტარიები (ესენი თურმე 25 წელიწადი კეთდებოდნენ), მაქაროვები და სხვები რუსული გოჭებივით, ჰა?
გაკეთდებიან, რაზე არ გაკეთდებიან, ქართული ბუნება შეუშლით ხელსა თუ გონება, მისწრაფება და წეს-ჩვეულება?!
უკაცრავად, რაც ზემოთ მოგახსენეთ და რაც პაპაჩემზე ვთქვი, ხუმრობა იყო, ვიხუმრე, გესმით?

ახლა კი სერიოზულად!
რუსული ფულები საიქიოდან გოგია ხოშტარიას სახელზე მოდის. თავად გოგია ამტკიცებს, ჩემი შვილი ჰელენი არაფერ შუაშია, 25 წელიწადია ეგრე ხდებაო. მე ცოტაოდენ ეჭვი მეპარება და რატომ, ახლავე მოგახსენებთ: თუ 25 წელიწადია გოგია ხოშტარია რუსეთიდან მილიონებს იღებს, რატომ გაუჩნდა აზრი, მხოლოდ ახლა ეყიდა ბათუმში ბინა და ორბეთში კიდევ მიწა? რატომ აუჩუჩუნდა ბებერ გოგიას მხოლოდ ახლა-მეთქი? საქმე ის არის, რომ ბატონმა სოლიკო ვირსალაძემ საიქიოდან ფულების გამოგზავნა მაშინ დაიწყო, როცა რუსეთის სპეცსამსახურებიდან დაავალეს. დიახ, დაავალეს და იმანაც ეგრევე დაიწყო გამოგზავნა, რა უნდა ექნა? არ გამოაგზავნიდა და ამოთხრიდნენ. 25 წელიწადი რომ გოგიას მოგონილია, ეგ ჩემი ვერსიაა, ამდენი ხანი კაცს მილიონობით რუბლი ერიცხებოდეს, მხოლოდ ახლა არ აყვავდებოდა წყალზე მოტივტივე ნეხვივით, აქამდეც შეიძენდა რამეებსა და რუმეებს! თუმცა შეიძლება ვცდები, არ გამოვრიცხავ, ეს ნამინისტრალი მუთაქებშიც აგროვებდეს ოქროს უზალთუნებს. ეს ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდში გაიყიდა და გაქსუვდა საკუთარი სამშობლოდან. ამ უბედურმა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ აიღო ხელში იარაღი, სადაც თვითონ იმყოფებოდა საგარეო თვალსაზრისით. როგორი საგარეო „ტრიუკებიც“ ჩაატარა 1990-იან წლებში, იმ დროის მომსწრე ადამიანებმა მშვენივრად იციან. ის პერიოდი მეც კარგად მახსოვს, მაგრამ კულუარებში არ ვყოფილვარ, ვინც იყო, ისინი ამბობენ, საზღვარგარეთ საქვეყნო საქმეების საკეთებლად კი არა, ჭინჭების ჩამოსატანად დადიოდაო. მეტიც, ამ კაცს ისეთი რამ უთქვამს ზვიად გამსახურდიაზე, ცოდვას ვერასდროს გაექცევა. ამერიკაში მცხოვრები, მიხეილ სააკაშვილის მოტრფიალე პროფესორი დოდონა კიზირია იხსენებს: „როცა ზვიად გამსახურდია თავის გარემოცვასთან ერთად თბილისიდან გააძევეს, ტელევიზიის შენობის მესამე სართულის კიბეზე გოგი ხოშტარია დავინახე, ამ დროს პირველი სართულიდან ზემოთ ამოდის კინორეჟისორი გიორგი შენგელაია, როგორც ყოველთვის მოღუშული და დაბღვერილი. რა ქენი, ბიჭო, ცოცხალი როგორ გაუშვი?! – უყვირის გოგი ხოშტარია ზემოდან გიორგი შენგელაიას. უკან გავბრუნდი. ვიგრძენი, რომ სახეში ვერ შევხედავდი და ვერ დაველაპარაკებოდი. ახლა კი ვნანობ, რომ ეს სისუსტე გამოვიჩინე, მაგრამ ყუმბარასავით ამიფეთქდა ყურში სიტყვები: „ცოცხალი როგორ გაუშვი“?!
გავიდა წლები და გოგი ხოშტარიაც „ნაციონალების“ მოტრფიალე გახდა. ახლა ვეკითხები ქალბატონ დოდონას: აი, სიტყვები რომ აგიფეთქდათ თავის დროზე ყურში ყუმბარასავით, რანაირად მოხდა, რომ თქვენ და ეს უხსენებელი ერთ ბანაკში ხართ? როგორ მოხდა, რომ ამ ადამიანთან ერთად, რომელიც ასერიგად გეზიზღებოდათ, ერთპარტიულ ჰაერს სუნთქავთ?!
როგორც „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ყვება, თავის დროზე გოგი ხოშტარია კგბ-მ ჩანერგა ზვიად გამსახურდიას გარემოცვაშიო, ამის შესახებ თვითონ ზვიადმა მითხრაო. ხოლო მისი საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი ყოფილა ის, რომ მინისტრმა კაცმა უცხოეთიდან ე.წ. აჟურული კოლგოტები ჩამოიტანა და ჰყიდდა გადამყიდველების მეშვეობით. ბრეგაძის თქმით, თურმე მაგას ეძახდნენ „შტერ გოგიას“:
„გოგი ხოშტარიამ მონაწილეობა მიიღო კანონიერი ხელისუფლების დამხობაში. იმ დროიდან ერიცხება თანხა, როგორც რუსეთის აგენტს. ადრე კგბ იყო, ახლა ფეესბეა. სხვადასხვა ფონდებიდან, სპორტული თუ კულტურული საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ურიცხავენ თავიანთ აგენტურას ფულს, ეს აპრობირებული მეთოდია“.
იცით, კიდევ რატომ ამოაწევინეს ტოპრაკა გოგი ხოშტარიას მინისტრობიდან? მირიან ყარაულაშვილის თქმით: „ეს სირი 1991 წელს საფრანგეთში ჩავიდა რომელიღაც ემიგრანტის კერძო მოწვევით. იმ საღამოს კარგად მოულხინა ემიგრანტი ძმების – აპოლონ და თარხან ანთაძეების ქართულ რესტორანში. მეორე დღეს ნაბახუსევზე ქუჩის ტელეფონ-ავტომატიდან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მისაღებში დაიწყო რეკვა, დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ, ოფიციალურ ვიზიტით ჩამოვედი, მიღება მომიწყეთო“.
მიუხედავად ამდენი ცოდვიანობისა და არნახული ცუცურაკობისა, ხოშტარიები აქეთ იბრიქებიან, აქეთ პრეტენზიულობენ… აი, არ დაიჯერებთ, ჰელენ გოგიევიჩი (რადგან ჰელენში კაცური უფრო მეტია, ამიტომ გოგიევიჩს ვეძახი) ითხოვს, საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გარდა სანქციები კიდევ სამ მაღალჩინოსანს დაუწესდეს – ესენი არიან: სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელი, კობა კობიძე. თურმე ეს სამი ადამიანი ამყარებს და ასაზრდოებს ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. არა, ფაქტები არ არსებობს, ეს ზოგადი, ანუ სიმბოლური ვარაუდია, მაგრამ რაკი რუსეთის აგენტი „ლიაკა“ ამბობს, ყურადსაღებია – საერთოდ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების აგენტებმა ძალიან ბევრი იციან, ყოველ შემთხვევაში, ჩვენზე მეტი. ვხუმრობ. სადაც სამართალი და მორალია, ეს ადამიანი თავის მამასთან ერთად სადმე მოფარებულში უნდა იმალებოდეს. ჰმ… იმალებიან კი არა, პირიქით იქცევიან, აქეთ გვადანაშაულებენ, ყველას „დასანქცირებით“ და „დაბოქლომებით“ გვემუქრებიან. მერე რა, რომ ფული რუსეთიდან მოგვდის, ეს ხომ სოლიკო ვირსალაძის გამოგზავნილია საიქიოდანო? – აცხადებს ბატონი გოგია და თან „იმედის“ ჟურნალისტსაც აგინებს, წადი, შენი დედაცო! ჟურნალისტმა დაურეკა, ორბეთში მიწის ნაკვეთი მართლა შეიძინეთო? შვილიშვილის ტოლ გოგოს ეგრევე მიახალა, წადი, შენიო. მართლა უზნეო ადამიანი ყოფილა გოგია ხოშტარია, უზნეო და… როგორც ცხონებული შაქრო პაპა იტყოდა ხოლმე, არგასაზრდელი, მიწას არასაცილებელი!
ვიმეორებ: 1938 წელს დაბადებული კაცი რომ 2000 წელს დაბადებულ ბაღანეს შეაგინებს, თანაც გოგოს, ის არის ამორალური და გახრწნილი პიროვნება. აქედან გამომდინარე, მჯერა (ალბათ თქვენც გჯერათ), ის მართლა იტყოდა ზვიად გამსახურდიაზე, ცოცხალი რატომ გაუშვითო?!

სირცხვილი და თავის მოჭრა!

ადამიანს, რომელსაც ასეთი სამარცხვინო რამე აქვს ნათქვამი, ის გარეთ თამამად ვერ უნდა გამოდიოდეს. მე იმას არ ვამბობ, ვინმემ ანგარიში უნდა გაუსწოროს-მეთქი, არა, უბრალოდ ვერ უნდა ბედავდეს და მით უფრო, ტელევიზორიდან ჭკუას ვერ უნდა გვარიგებდეს. სამწუხაროდ, ესენი, ხოშტარიები და მათნაირები უფრო გონორით ლაპარაკობენ, ვიდრე ჩვენ, ვიდრე თქვენ, ვიდრე სხვა, ჩვენზე და ჩემზე პატიოსანი ადამიანები. ისევ ამათ აქვთ საშუალოზე მაღალი ხმა, მაღალ ხმაზე უფრო მაღალი ხმა და ყოველთვის დამრიგებლური ტონი, თანაც თავხედური. ამათ ჰგონიათ, არავის არაფერი ახსოვს და არავინ არაფერი იცის. სასაცილოა პირდაპირ, მოსდით და მოსდით ფულები საიქიოდან, ყიდულობენ და ყიდულობენ უძრავ ქონებას, იქით ბინებს, აქეთ მიწებს, გეგონება ჰოლივუდის ვარსკვლავები გვყვანან. სოლიკოს ჰონორარებს ვიღებთო, რაში გვაინტერესებს, რუბლია თუ დოლარიო? სხვას რომ რუბლი დაუნახონ, დედამიწას შესძრავენ, ქვეყანას შეჰყრიან, არიქა, რუსეთუმეები შემოგვესივნენო. კიდევ რა გითხრათ? უნამუსობის პიკია საქართველოში, უნამუსობისა და ჩათლახობისა!
არა, მომკალით და მაინც მიკვირს, ამ პატარა ქვეყანაში ამდენი გაქსუებული საიდან? წლები გადის, საუკუნეები გადის, მოღალატეთა რაოდენობა რატომ არ მცირდება?!

“საერთო გაზეთი”

გელა ზედელაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება