fbpx

სააკაშვილის ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მას აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინებს, თითქოს ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით ის მოიპოვებს თავისუფლებას


მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულებების ფარგლებში მიეწოდოს ყველა მომსახურება, რასაც ის საჭიროებს. საჭიროებს მკურნალობას? – იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. ის რომ არ იმყოფებოდეს სამედიცინო დაწესებულებაში, მასთან არ შედიოდეს ექიმი, რამე სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდეს და ვერ იღებდეს, ამაზე ვიქნებით პასუხისმგებელი, მაგრამ მას რაც სჭირდება, აქვს ყველაფერი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პასუხისმგებელი სააკაშვილის ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობაზე არიან ის ადამიანები, რომლებიც მას აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინებს, თითქოს ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით ის მოიპოვებს თავისუფლებას.

„სწორედ ის ადამიანები არიან პასუხისმგებელი, რომლებიც მას პირდაპირ ეთერში მოუწოდებდნენ, რომ შიმშილობა არ შეეწყვიტა, ეშიმშილა. ეს ძალიან კარგად იციან მათ, ვინც მას უქმნის ცრუ მოლოდინებს, რომ თუკი დაიკლებს წონაში, თუკი გაიუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და იქნება ათასი სხვაგვარი სიმულაცია, ის მოიპოვებს თავისუფლებას. ვნახეთ უკვე ყველამ, რომ საქართველოში არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ ცნო მისი სარჩელი და ასევე, სტრასბურგშიც, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც მას უარი უთხრა დროებით ღონისძიებაზე. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს მოქმედება თავიდან ბოლომდე არის ადამიანის უფლების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.

ჰუმანური მიზნებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ როგორც მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი გარემოცვაა, მაქსიმალურად იზრუნონ იმაზე, რომ ეს ადამიანი დაემორჩილოს მკურნალობას, ექიმებს. ასევე, მიაწოდონ საკვები იმ კალორაჟით, რასაც მათ ექიმები ეუბნებიან. არც საკვებს აწვდიან იმ კალორაჟით, რასაც მათ ექიმები ეუბნებიან და არც ექიმების გადაწყვეტილებებს ემორჩილებიან და ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს. მას შექმნილი აქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ იყოს ჯანმრთელად და იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება