fbpx

პირველი წელია, როდესაც არ მოხდა ჰიდროელექტროსადგურებიდან წყლის უქმად დაღვრა-რომეო მიქაუტაძე

100 წლის წინ, თბილისთან ახლოს, ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. საუკუნის შემდგომაც ზაჰესი უსაფრთხოდ და რაც მთავარია უწყვეტად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკას, ჩვენი მოსახლეობის ენერგომომარაგებას. ზაჰესი კარგი მაგალითია იმისა, რამდენად უსაფრთხო და მნიშვნელოვანია ასეთი ობიექტები, მით უფრო იმ ფონზე, რომ მას შემდეგ განვითარდა სამშენებლო ტექნოლოგიები და მასალები,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ენერგეტიკოსის დღე მეოცე წელია, რაც აღინიშნება საქართველოში. ამ თარიღს საფუძვლად დაედო ზაჰესის მშენებლობის დასრულება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში. წლევანდელი ღონისძიება ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.  

მინისტრის მოადგილის განცხადებით, თანამედროვე ეპოქაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა პირდაპირპროპორციულია კეთილდღეობის, პროგრესის და განვითარების. ქვეყნის მოსახლეობისა და ბიზნესის სექტორის უსაფრთხო, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა მზარდი მოხმარების გათვალისწინებით, არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ძირითადი წინაპირობა. ჩვენი, როგორც ქვეყანაში ენერგეტიკული პოლიტიკის გამტარებლების, ძირითადი მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს ადეკვატური და საიმედო ენერგეტიკული წყაროების არსებობას.

საქართველოს ენერგეტიკაში არსებული ვითარების მიმოხილვისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბალანსზე და აღნიშნა, რომ ადგილობრივი გენერაციის ორ მესამედზე მეტი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის, ხოლო მიმდინარე წლის მონაცემებით, საერთო გამომუშავებაში ჰიდროელექტროსადგურების წილმა 82%-ს მიაღწია, მათ შორის, თითქმის 42% მარეგულირებელ სადგურებზე მოვიდა.

„ელექტროენერგეტიკული ბალანსის თვალსაზრისით 2022 წელი, შეიძლება ითქვას, რეკორდულია მთელი რიგი პარამეტრებით: გასული 8 თვის მონაცემებით ადგილობრივმა გენერაციამ თითქმის 10 მლრდ. კვტ სთ-ს მიაღწია, რაც გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმუმია. ის 23%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 13%-ით – 2018 წლისას, როდესაც გამომუშავების მაქსიმუმი დაფიქსირდა. გარდა ამისა, 10 მლრდ. კვტ.სთ-ს გადააჭარბა ადგილობრივმა მოხმარებამ, რაც, ასევე, გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმალური მაჩვენებელია და 8%-ით აღემატება შარშანდელ ნიშნულს,“ – აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ. ამავე დროს, მისი თქმით, 32 პროცენტით შემცირდა იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტმა 890 მლნ. კვტ სთ შეადგინა. გარდა ამისა, 2022 წელია პირველი წელი, როდესაც არ მოხდა ჰიდროელექტროსადგურებიდან წყლის უქმად დაღვრა და ყოველი კუბური მეტრი გამოყენებულ იქნა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 პირველი წელია, თურქეთთან დამაკავშირებელი ხაზი „მესხეთი“ მაქსიმალურად დაიტვირთა და ახორციელებს როგორც ტრანზიტს, ასევე, ექსპორტს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო ათწლეულში საქართველოს ენერგოსისტემას შეემატა ახალი ენერგეტიკული ობიექტები. მათ შორის, 55 ჰესი, 2 თბოსადგური და ერთი ქარის ელექტროსადგური.

„კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილების კუთხით მიმდინარე გლობალური ინიციატივების საპასუხოდ, ასევე, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში არსებული უხვი განახლებადი ენერგიის რესურსების, განსაკუთრებით – ჰიდრორესურსების, ათვისებასა და ამ სფეროში პროექტების შემდგომ განვითარებას. 2022 წლის განმავლობაში ინვესტორებთან გავაფორმეთ 61 ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც ქვეყანაში 704 მლნ ამერიკულ დოლარამდე ინვესტიციას გულისხმობს და პოტენციურად 1,6 მილიარდ კვტ სთ-ს შემატებს წლიურად ადგილობრივ გენერაციას. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ სულ უფრო იზრდება დაინტერესება მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობით,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რომეო მიქაუტაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება ინოვაციებზეც ენერგეტიკაში. მისი თქმით,  ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ინვესტორ კომპანიასთან თანამშრომლობით, დაიწყო მწვანე წყალბადის წარმოების საპილოტე პროექტი. „მოგეხსენებათ, მწვანე წყალბადი მომავლის ენერგიაა და ჩვენ გვაქვს ამბიცია, ავითვისოთ არა მარტო ჰიდრო და სხვა უკვე კარგად აპრობირებული და დამკვიდრებული მწვანე ენერგიები, არამედ, ფეხი ავუწყოთ მაღალ განვითარებულ ქვეყნებს ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილემ პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეობა მიიღო გამორჩეული ენერგეტიკოსების დაჯილდოებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება