fbpx

ოპოზიციაში განხეთქილება დაიწყო!

ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნების შანსი არჩევნებამდე სულ უფრო მცირდება. პოლიტიკური ძალები, რომლებსაც „ყველას ერთის წინააღმდეგ“ უნდა ებრძოლათ, დღეს ერთმანეთს აგენტებად მოიხსენიებენ.

გაერთიანებული ოპოზიციის თითქმის ყველა წევრი ალეკო ელისაშვილსა და დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მუშაობაში ადანაშაულებს.

გიორგი ვაშაძე: „კითხვა მაქვს, ამ ადამიანებს მართლა ოპოზიცია ჰგონიათ თავი? ოპოზიციის ოპოზიციონერობით გინდათ ხმები მოიპოვოთ და ხალხის მხარდაჭერა?! უკაცრავად, მაგრამ ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ეს არის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაკეთებული საქმე.

თავის მხრივ ელისაშვილი ვაშაძეს ვანო ჩხარტიშვილთან ფარულ ალიანსში ადანაშაულებს.

„პუტინის ხელდასმული ბურჯანაძე და საქართველოს გამღატაკებელი და ბიძინა ივანიშვილის ძმაკაცი ვანო ჩხარტიშვილის სიძე, გიორგი ვაშაძე რომ ჩემზე რამეს იტყვის და დამდებს ბრალს, ე.ი. სწორ გზაზე ვდგავარ“, – ამბობს ელისაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე მმართველი პარტიის ყოფილ თანაგუნდელებს second hand-ქოცებს უწოდებს.

მეორადი მოხმარების გამოგდებულ „ქოცებზე“ ე.წ second hand-ქოცებზე ზედმეტი კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ჭიჭინაძე ამ ეტაპზე აკეთებს ივანიშვილის საქმეს. მისი გუნდის წევრი იყო, სანამ გამოაგდებდნენ“, – ამბობს კახიძე.

დავით ჭიჭინაძე: სოროსის ორგანოებს და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მკვებავი გიგი უგულავას განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს. რაც შეეხება ვაშაძეს, ვფიქრობ, რომ ისტერიკასავით მოაწყო, რომ არ უჭერენ მხარს. ჯობს „ნაციონალური მოძრაობა“ დაეხმაროს და ეს ადამიანი დაამშვიდოს.

„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ელისაშვილმა ორი მანდატი მოითხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმები დაიწყო.

რაც შეეხება „ლელოს“, ის ემიჯნება მსგავს პოლიტიკას და თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას სთავაზობს:

„ისმოდა ურთიერთ თავდასხმები. ჩვენ ასეთ პოლიტიკას ვემიჯნებით. მოვუწოდებთ ყველას, რომ საქართველოში დავამკვიდროთ ახალი სტანდარტი. ვინ რა მოლაპარაკებას აწარმოებს და ვინ რა პოზიციას დაიკავებს, იქნება ეს წარმატებული თუ წარუმატებელი მოლაპარაკება, ამას ჩვენი ამომრჩეველი ოქტომბერში გასცემს პასუხს.

გაუზიარე!

Shares