fbpx

„ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორი – ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან 8 ივლისს დამაკმაყოფილებელ ვითარებაში გაეწერა –

პაციენტი 8 ივლისს დამაკმაყოფილებელ ვითარებაში გაეწერა – ამ წუთას შემთხვევას რეგულირების სააგენტო სწავლობს, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, – ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტის კლინიკიდან გაწერა აბსოლუტურად ყველა სტანდარტის დაცვით მოხდა.

„ვეხმაურებით სამწუხარო ინფორმაციას. პაციენტი ჩვენთან მკურნალობდა 5-დან 8 რიცხვამდე. 8 რიცხვში გაეწერა დამაკმაყოფილებელ ვითარებაში. ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და მანიპულაცია. ამ წუთას შემთხვევას სწავლობს რეგულირების სააგენტო, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, გავდივართ, ვაანალიზებთ პროცესს და ჩვენი მხრიდან არის სრული თანამშრომლობა, ვაძლევთ ყველა ინფორმაციას.

გაწერას რაც შეეხება, აბსოლუტურად სტანდარტის შესაბამისად მოხდა ყველაფერი, არაფერი მანდ უცნაური არ არის. ასეა სტანდარტი მიღებული და ასე ეწერებიან ასეთი პაციენტები, რაც შეეხება დანარჩენს ეს არის თეორიები, რომლის შესახებაც მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეიძლება მსჯელობა. გაწერის წინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება