fbpx

ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა განახლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. როგორც საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განმარტა, დღევანდელი სხდომა ტექნიკური ხასიათის იქნება და შემდეგი პროცესების თარიღი გაიწერება.

გუბელაძის განცხადებით, სასამართლო სხდომები კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემიის გამო გადადებული იყო, თუმცა, სასამართლოს კანონის დათქმა აქვს, რომ 2 წლის ვადაში გამოიტანოს განაჩენი. პროკურორის ვარაუდით, რადგან საქმე მოცულობითია, სწორედ ამის გამო ჩაინიშნა სასამართლო პროცესი. გუბელაძის თქმითვე, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სამივე ბრალდებულის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს, რომ აღნიშნული საქმის განხილვა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. ადვოკატის თქმითვე, მათ დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე შუამდგომლობა ექნებათ.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება