fbpx

ნაცმოძრაობის მომხრეებო! ხელისუფლებისადმი ზიზღი ისე ნუ დაგაბრმავებთ, რომ ჩვენც ზედ მიგვაყოლოთ-ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია


ნაცმოძრაობის მომხრეებო!!

შესანიშნავად მესმის დღევანდელი პოლიტსიტუაცია, ნიუანსების დონეზეც. პირველი რიგის საქვეყნო ამოცანა გახლდათ პანდემია, რომლის პირველ ტალღას შესანიშნავად გაართვა თავი ჩვენმა ქვეყანამ- მეტიც, ალბათ ყველაზე უკეთაც კი! ცხადია, ხელისუფლება ამ ამბავს დამსახურებულად მიითვლის აქტივში (ყველა ასე მოიქცეოდა- არ ვამძაფრებ, თორემ კიდევ უფრო მეტადაც!). რადგანაც ამ წარმატების ხილული აქტორები ექიმები და ეპიდემიოლოგები ვართ (ისე კი, არანაკლები საქმის გამკეთებელნი, სხვა სამსახურებიც იყო, რომელთა ღვაწლი ისე ვერ გამოჩნდა, ყოველდღიურად), რატომღაც გადაწყვიტეთ ჩვენ დაგვიპირისპირდეთ! გვიპირისპირებთ სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე კოლეგებს, ხოლო ბატონ ამირან გამყრელიძეზე და ბატონ პაატა იმნაძეზე- ნადირობა გამოაცხადეთ!
დამიჯერეთ, ძალიან დიდი სისულელეა ეს! ცუდი, არასწორი მესიჯი გაქვთ “ზემოდან” მიღებული. ჯერ ერთი, რომ მოსახლეობაც ღიზიანდება და თქვენს წინააღმდეგ განეწყობა, ამას გარდა ჩვენც, სამედიცინო პერსონალიც ხომ ამავე დროს პოტენციური ამომრჩევლები ვართ და რატომ გვიპირისპირდებით? რატომ ხართ დარწმუნებულები, რომ ყველანი “ვგიჟდებით” ხელისუფლებაზე და არ გვექნება ჩვენი პრეტენზიები? კაი ბატონო, თუ ასე ფიქრობთ, იმ უცხოელმა ექიმებმა მოგცეთ ხმა არჩევნებზე, რომელთა უმრავლესობა თუ ჯერ არაა უცხოეთის მოქალაქე- გეგმავენ მაინც. ხელისუფლების საწინააღმდგოდ თუ გინდათ გამოსვლა, ის მაინც გვითხარით: “მაგრები ხართ და არ გაფასებთ ეს ხელისუფლება, ჩვენ რომ ვიყოთ, ასე და ასე მოგეფერებოდითო!” ლანძღვა უფრო ადვილია??!
რაც შეეხება პაატა იმნაძეს, მისი სახელი უკვე ჩაწერილია ჩვენი ქვეყნის მედიცინის ისტორიაში. სხვა რომ არაფერი გაეკეთებია, სწორედ მის სახელს უკავშირდება ლუგარის ლაბორატორიის შექმნა! გინდათ თუ არა, ასე გამოდის, რომ ამ ლაბორატორიას ჩვენი დაუძინებელი მტრები და თქვენ ებრძვით…
ნუ შეასრულებთ დაუფიქრებლად მითითებებს; ხელისუფლებისადმი ზიზღი ისე ნუ დაგაბრმავებთ, რომ ჩვენც ზედ მიგვაყოლოთ! მით უფრო, რომ ჩვენს რიგებში საკმარისზე მეტიც არიან (ან აქამდე იყვნენ) თქვენი პარტიის გულშემატკივრები

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება