fbpx

,,ნატო-საქართველოს სწავლება 2022“ საქართველოში მარტში გაიმართება

ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას NATO-GEOEX 2022 საქართველო
მარტში მესამედ უმასპინძლებს. სწავლებას დაგეგმვიდან აღსრულების ფაზის
ჩათვლით ქართული მხარე უხელმძღვანელებს და მასში მონაწილეობას ნატოს
წევრი და პარტნიორი ქვეყნები მიიღებენ.

სამი დღის განმავლობაში „ნატო- საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) სწავლების დაგეგმვის საბოლოო კონფერენციაზე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისა და ქართული მხარის წარმომადგენლებმა საბოლოო დეტალები შეაჯამეს.
კონფერენციაზე სპეციალურად ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნების
ცენტრის მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯოზეფ სპიშაკი და ვიცე-
პოლკოვნიკი გაბორ ენდროდი იმყოფებოდნენ. ნატო-ს წარმომადგენლებთან
სამუშაო შეხვედრები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის
მოადგილეებმა, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ბრიგადის გენერალმა ირაკლი
ჭიჭინაძემ გამართეს.

შეხვედრებზე მხარეებმა ნატო-საქართველოს სწავლების დეტალები განიხილეს. საუბარი ასევე ნატოსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს შეეხო. „ნატო-საქართველოს სწავლება 2022“ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ჩატარდება.

სწავლებაში მონაწილეობას ნატო-ს 20-ზე მეტი წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო
მოსამსახურეები მიიღებენ. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები
კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ნატოს ოპერაციების დაგეგმვისათვის
საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ.

სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ხორციელდება და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება