fbpx

ნანა კაკაბაძე სალომე ზურაბიშვილზე – მოინდომა, ამჯერად ერის გამაერთიანებლადაც წარმოეჩინა თავი, იმედი აქვს, რომ ხალხი დეპოლარიზაციის დედის მანტიამოსხმულ პრეზიდენტს იხილავს

პრეზიდენტად წოდებულმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი მნიშვნელობის წარმოსაჩენად კიდევ ერთი შოუს დადგმა გადაწყვიტა – მის მიერ დაინიცირებული აქტივობის („ჩვენი ხმა ევროპას!“) ფარგლებში 15 დეკემბრამდე 2 დღით ადრე თავის რეზიდენციაში მიიწვია ევროკავშირის ქვეყნების საქართველოში წარმოდგენილი ელჩები. – წერს არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოინდომა, თავი ერის გამაერთიანებლად წარმოეჩინა და მის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე მთავრობის ახლანდელი ხელმძღვანელებიც მიიწვია, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ მმართველი გუნდი ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღარ აღიარებს.

“წარმატების მითვისების მორიგი მცდელობა

პრეზიდენტად წოდებულმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი მნიშვნელობის წარმოსაჩენად კიდევ ერთი შოუს დადგმა გადაწყვიტა – მის მიერ დაინიცირებული აქტივობის („ჩვენი ხმა ევროპას!“) ფარგლებში 15 დეკემბრამდე 2 დღით ადრე თავის რეზიდენციაში მიიწვია ევროკავშირის ქვეყნების საქართველოში წარმოდგენილი ელჩები. მათ უნდა გადასცეს საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერები პეტიციაზე, სადაც არის თხოვნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ეს შოუ უბრალოდ, სალომეს მორიგი თვითრეკლამა იქნებოდა, რომ არა კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც დაემატა 13 დეკემბერს დაგეგმილი ამ ღონისძიების დღის წესრიგს.

კერძოდ, სალომემ მოინდომა, რომ ამჯერად ერის გამაერთიანებლადაც წარმოეჩინა თავი და ევროპელ ელჩებთან ერთად მიიწვია დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ყველა ხელმძღვანელი – ახლანდელიც და ყოფილებიც. სალომესთვის კარგად არის ცნობილი, რომ ახლანდელი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღარ ცნობენ და ბუნებრივია, ისინი ამ შოუს არ დაესწრებიან. მას ეტყობა, იმის იმედი აქვს, რომ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ზოგიერთი ყოფილი პრემიერი, ამ ღონისძიების დროს გვერდს დაუმშვენებენ და ხალხი არა მხოლოდ სახეგაბადრულ სალომეს, არამედ დეპოლარიზაციის დედის მანტიამოსხმულ პრეზიდენტსაც იხილავს.

სალომეშოუს, ყოფილი პრეზიდენტი გუშინვე გამოეხმაურა და ყოფილმა მოქმედს შესთავაზა, რომ ამ შოუში მისი წინამორბედი პრეზიდენტიც მიეწვია, თორემ ამის გარეშე ის იქ არ მივიდოდა.

კერძოდ, გიორგი მარგველაშვილმა
განაცხადა:
„მიხეილ სააკაშვილს უნდა შეეთავაზოს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ მას ჰქონდა სტატუსი მესამე პრეზიდენტის… სააკაშვილს ნამდვილად ვერ დააბრალებ არაპროდასავლურობას. მეტიც, თუ მართლა რაღაცა პრეცედენტის შექმნა გვინდა, მართლა გვინდა, რომ ევროპას გზავნილი გავუგზავნოთ, გზავნილი დეპოლარიზაციის, გზავნილი ამ თემაზე ერთიანობის, რატომ არ შეიძლება ქალბატონმა პრეზიდენტმა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და ერთი დღით შეუწყვიტოს პატიმრობა ბატონ მიხეილ სააკაშვილს და მიიწვიოს თავისთან სასახლეში. პრეზიდენტს ნებისმიერი ფორმით აქვს უფლება სასამართლოს ვერდიქტი შეცვალოს. რადგან შეწყალება საერთოდ არ უნდა, ერთი დღით თქვას, რომ ეს კაცი თავისუფალია და ასეთ შემთხვევაში ბატონ მიხეილს ვთხოვდი გვერდით გადადოს თავისი ყველა საქმე და სამშობლოსთვის, იმ ევროპული არჩევანისთვის, რომლისთვისაც იბრძოდა, ჩემთან ერთად მივიდეს ამ ღონისძიებაზე და ხელიც მოაწეროს იქ“.

საერთოდ რომ არაფერი ეთქვა და არაფერი ეკეთებინა მარგველაშვილს საჯარო პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში, მარტო ეს სიტყვებიც კმარა იმ სირცხვილის საჩვენებლად, თუ როგორი პრეზიდენტი ჰყავდა საქართველოს 5 წლის განმავლობაში.

ერთი უბედურება ის არის, რომ ამ კაცს დასავლურობა ჰგონია სააკაშვილის მმართველობის სტილი და მეთოდები (სისტემური წამებები, გამოხატვის შეზღუდვები, მედიის და ბიზნესის ტერორი, განკულაკებები და ა. შ.), მაგრამ მეორე უბედურებაა, თურმე როგორი წარმოდგენა ჰქონია მას პრეზიდენტისათვის კონსტიტუციით მინიჭებულ შეწყალების უფლებაზე.

ერთი დღით შეიწყალოსო! ეს რომ ტელევიზორში პირადად არ ეთქვა და ისე გაევრცელებინათ საინფორმაციოებს, კაცი იტყოდა, ვიღაცა უგონებს და ამასხარავებს მარგველაშვილსო.
რა სისულელეს არ ათქმევინებს კაცს უკიდურესი უვიცობა, უმადურობა, ბოღმა და პოლიტიკური სიბეცე.

ისე, მარგველაშვილმა ალბათ მოისმინა და დაეთანხმა იმავე დღეს გიორგი ბარამიძის ნათქვამ გენიალურ სიტყვებს:

„მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა. ვისაც გინდათ რუსულ რეჟიმთან ბრძოლა, უნდა იყოთ სააკაშვილის გვერდით, სხვა ყველაფერი განწირულია პოლიტიკური განულებისკენ. ნუ დაადგებით გიგა ბოკერიას გზას!“

არ შედის ამ ხალხის ტვინებში, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა არის მიხეილ სააკაშვილი, მანამ ვერ მოხდება ამ ხელისუფლების შეცვლა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც ამომრჩეველი სისტემატურად ირჩევს ამ ხელისუფლებას.” – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება