fbpx

მშვიდობით ქალბატონო ნელი, დიდი მადლობა რაც დედოფლისწყაროსთვის გაგიკეთებიათ-ილია მარტყოფლიშვილი

ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი იხსენებს-

ოდითგანვე, დედოფლისწყაროში ტელევიზია თუ ჩამოდიოდა, რეპორტაჟებს თუ ამზადებდნენ და ეკრანზე ვხედავდით, ყველაფრის იდეის ავტორი, მასპინძელი თავად იყო ხოლმე. ადრეული ასაკიდან მახსოვს, ბევრჯერ მინახავს, (არა მხოლოდ კულტურულ თემებზე) ხშირად საკუთარი კასეტითა და კამერით როგორ იყო ჩართული გადაღებების პროცესში.

პირველად ალბათ 12 წლის ვიქნებოდი, ხაზის ტელეფონი ავკრიფე და კულტურის სამსახურში დავრეკე. თემა არ მახსოვს, მაგრამ სავარაუდოდ, დირექტორს მომავალ ჟურნალისტად გავაცნობდი თავს. ეს იყო ჩვენი პირველი კომუნიკაცია. ერთი შეხედვით, მას ეს მოზარდის სახუმარო ზარად უნდა მიეღო, მაგრამ სრული სერიოზულობით ვისაუბრეთ. შესაძლოა მიმიპატიჟა კიდეც, მაგრამ მისვლას ვერ გავბედავდი. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს ამ ქალბატონის შინაგანი სამყარო ყოფილა, ყველასთან თანატოლი რომ ხდება, დედობრივი მზრუნველობით რომ ეკიდება და გზის გაკვალვაში ეხმარება… პირველი კომუნიკაციიდან მხოლოდ ის შემორჩა ჩემს მეხსიერებას, რომ ქალბატონმა ნელიმ ჩვეული სითბოთი მკითხა: ანზორ მარტყოფლიშვილის რა ხარო…

შემდეგ იყო 2005 წელი, პირველი შეხვედრა და ინტერვიუ. პრინციპული ხასიათის ძლიერ ქალბატონებს როგორც ჩვევიათ, პირველივე გამოქვეყნებულ სტატიაზე, თუ სათაურზე გამინაწყენდა. კიდევ ერთხელ ვეწვიე კაბინეტში, დეტალურად გავიარეთ სტატია, შევთანხმდით, რომ მისი აზრი არ არის დამახინჯებული, მაგრამ მაინც უკმაყოფილო იყო. მე კი დღემდე მგონია, რომ მისი მხარდამჭერი სტატია მომზადდა, სადაც მის ჩანაცვლებაზე ვსაუბრობდი. მკითხველმაც ასე გაიგო, მაგრამ თავად რესპოდენტს ეს წყენა დიდხანს ახსოვდა და საჯარო შეხვედრებზე მეც ხშირად მახსენებდა.

ჩვენი პირველივე შეხვედრა წყენით დაიწყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მეგობრები ვყოფილიყავით. მეპატიჟებოდა სხვადასხვა აქტივობებზე, მილოცავდა დღესასწაულებს და ისეთ პერიოდში კონტაქტობდა ჩემთან, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუნძრახებოდნენ. ჩემთან ბევრჯერ უთქვამს: თუ ღონისძიება მედიით არ გაშუქდება, გინდ ჩატარებულა გინდ არა, მაინც დაიკარგებაო, თუ პრესა ესწრება, ისტორიაში ჩაიწერებაო. ამ დევიზით მოქმედებდა და ზედმიწევნით ესმოდა ბეჭდური და ტელე მედიის ძალა.

2007 წელს დედოფლისწყაროში, გოდერძი გონაშვილის მარანში პურისა და ღვინის ფესტივალი ჩაატარა. ცხადია აქაც მიმიწვია და მის სახლში გაშლილ მეორე განყოფილებაზეც… ვრცელი სტატია თბილისში გამომავალ რამდენიმე გაზეთში გამოვაქვეყნე. მალევე საერთაშორისო ორგანიზაციიდან დამიკავშირდნენ, მიხსნიდნენ, რომ სურდათ გოდერძი გონაშვილსა და ნელი გიბეჯიშვილთან დაკავშირება, რადგან ასეთ პიროვნებებს ამერიკაში სამი კვირის გასატარებლად ეპატიჟებოდნენ. ცხადია დავაკავშირე, ანკეტები ჩემი ხელით გავუგზავნე და ქალბატონი ნელი რამდენიმე ხანში აშშ-ს სიეტლის შტატში გაემგზავრა. იქიდან დაბრუნებულს არც სიმბოლური საჩუქრების ჩამოტანა დავიწყებია. ზოგადად ყურადღებიანი რომ იყო, ეს ცნობილია. აშშ-დან დაბრუნებული ყველგან აღნიშნავდა, რომ ჩემი სტატიის გამოხმაურების შედეგად გაემგზავრა და ამერიკულ გამოცდილებას დანახარჯების გარეშე გაეცნო.

„ობიექტივში“ გადაცემები რომ მიმყავდა, სტუდიაში ვერ მოვიტყუე, ყველაზე საინტერესო რესპოდენტი და მოსაუბრე იქნებოდა, თუმცა არაფრით არ გამოდიოდა. იმხანად, ფიროსმანის მუზეუმის მმართველის თანამდებობიდან გაუშვეს და ალბათ რთული პერიოდის ბრალი იყო. პატარა ჩანახატების რუბრიკის წამყვანობა შევთავაზე და რამდენიმე საინტერესო ადამიანი ჩავწერეთ. ყველა მათგანი ეთერში გავიდა, თუმცა ერთერთის, ჩანაწერი კომპიუტერული ვირუსის გამო დაზიანდა და დიდი ხნის განმავლობაში ვერც დამონტაჟებას ვახერხებდი, ვერც აღდგენას. ამაზეც განაწყენდა რესპოდენტიც და ქალბატონი ნელიც, რადგან ზუსტ პასუხს ვერ ისმენდნენ, რატომ გვიანდებოდა ჩანაწერი. სამწუხაროდ, ბევრი მცდელობისა და ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს ჩანაწერი ისე დაიკარგა დღის სინათლეზე ვერ მოხვდა. მგონი ეს დღემდე არ უპატიებია ჩემთვის და ამ წყენასაც დღემდე ვგრძნობდი, მაგრამ ღმერთია მოწმე, არაფერ შუაში ვარ… მას შემდეგ ეს გადაღებებიც აღარ გაგვიგრძელებია…

ეს ფოტო მის ყოფილ კაბინეტში 2019 წლის გაზაფხულზეა გადაღებული. წლების მანძილზე აქ მოსვლა ჩემთვის მძიმე იყო და ამის სურვილი არ მქონდაო. ახლა კი, როცა მის ადგილას უკვე მე ვიყავი, ყველაფერი გადალახა, კაბინეტში მესტუმრა და წარმატებები მისურვა. სამახსოვრო ფოტოების გადაღებაც მისი იდეა იყო. ფოტოების გადაღებაც რომ უყვარდა, ესეც ცნობილია.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია ოფიციალური სამსახური არ ჰქონია, სიცოცხლის ბოლომდე, არცერთი დღე არ გაჩერებულა. ყველანაირ ქალთა, თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მეგობრობდა, მონაწილეობდა შეხვედრებში, სემინარებში, ჩამოჰყავდა სხვადასხვა საინტერესო ადამიანები, მართავდნენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს. უშრეტი ენერგიის წყარო იყო. არაფერი ჰქონდა ჯერ სასიკვდილო, მშვენივრად გამოიყურებოდა და არც ენერგიის სიმცირეს უჩიოდა… ერთი შეცდომა დაუშვა – არ აიცრა!… ალბათ ანტივაქსერების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და ვერაგ ვირუსს დაუცველი დახვდა. სხვაგვარად რომ ეფიქრა, იქნებ ბრძოლას მოიგებდა და ჩვენს გვერდით იქნებოდა…

მშვიდობით ქალბატონო ნელი, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისთვის გაგიკეთებიათ! 35 წელი მართო სამსახური, ეს მთელი ეპოქაა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება