fbpx

მიხეილ ყაველაშვილი: როგორც ჩვენი ხელისუფლებისგან ითხოვდნენ ომში ჩართვას და ოფიციალურად ქალბატონი დეგნანი სულ სხვა რამეს ამბობდა, შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ 2008 წლის ომთან – რას იძახდა ოფიციალურად ეს ხალხი და კულუარულად რას მოუწოდებდნენ სააკაშვილს

„დღეს „გლობალური ომის პარტია“ მართავს რადიკალური ოპოზიციის თითქმის 99%-ს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყველაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხელისუფლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე სწორედ „ხალხის ძალამ“ დაიწყო ღიად საუბარი.

„კარგი პარალელია გავლებული, განსაკუთრებით საზოგადოების ანალიზისთვის. „ხალხის ძალამ“ დავიწყეთ ღიად საუბარი ორმაგ სტანდარტზე, ერთი იყო კულუარებში რას ითხოვდნენ და მოუწოდებდნენ ჩვენს ხელისუფლებას (რამაც გაგვაბრაზა და დავიწყეთ საზოგადოების ინფორმირება), მეორე, ოფიციალურად რას იძახდა აშშ-ს ყოფილი ელჩი ქალბატონი დეგნანი, გვახსოვს ეს ორმაგი სტანდარტი.

შეგვიძლია, ანალოგიური პარალელი გავავლოთ 2008 წლის ომთან დაკავშირებითაც, რას იძახდა ოფიციალურად ეს ხალხი და კულუარულად რას მოუწოდებდნენ სააკაშვილს. გასაგებია, სააკაშვილის ექსცენტრულობა და გარკვეულ ვითარებებში სხვადასხვა მოქმედებები, თუმცა მას დამოუკიდებლად ეწარმოებინა მსგავსი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ, ეს გამორიცხულია. ამას ვხედავდით ყველა და ვგრძნობდით კიდევაც, რა და როგორ ხდებოდა.

იმის პარალელიც შეგვიძლია გავავლო, რა ხდებოდა 2008 წლის ომამდე, როგორი პროპაგანდა იყო. ახლაც, გავიხსენოთ უკრაინის ომის დაწყებიდან, როგორი პროპაგანდა დაიწყო, იყო ხელისუფლებაზე ზეწოლა, ექსპერტების ჩართულობა, ტელევიზიებში ყველა ავრცელებდა ერთ ნარატივს – ნახეთ, რა შანსს უშვებს საქართველო, რომ რუსეთი სუსტია და ა.შ.

დღეს „გლობალური ომის პარტია“ მართავს რადიკალური ოპოზიციის თითქმის 99%-ს. ეს საზოგადოებას აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ კარგად გააანალიზოს მიმდინარე პროცესები. საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, საქართველო, მისი ხელისუფლება, საზოგადოება ნელ-ნელა წინ დგამს ნაბიჯს.

რა თქმა უნდა, რამდენიმე წლის წინ სამართლიანობის აღდგენაზე და 2008 წლის ომის გამოძიებაზე რომ გვქონდა საუბარი, ძალიან რთული იყო, ისეთი ზეწოლის ქვეშ ვიყავით მთელი ქვეყანა. დღესაც ვხედავთ, არასამთავრობო სექტორიდან, ოპოზიციიდან, გარეთა ძალებიდან როგორი ზეწოლაა და კიდევ გააქტიურდება, მაგრამ ახლა უფრო მყარად ვართ, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ხელისუფლებას, საზოგადოებაც ინფორმირებულია რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყოთ სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი.

ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა, ვერ შედგება და ვერ იქნება სრულყოფილი, თუ სახელს არ დავარქმევთ ყველაფერს, რაც აქამდე განხორციელდა, მითუმეტეს, როცა ეს ეხება უმაღლეს ხელისუფალს, რომელიც მართავდა ქვეყანას. მისი უშუალო მონაწილეობით დაიკარგა ტერიტორიები, ამდენი დევნილი მივიღეთ და ამდენი ადამიანი გარდაიცვალა, ამის პატიება შეუძლებელია. არცერთ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება იყოს ხელისუფლებაში, თუ ამ მოვლენებს სამართლიანად არ გამოიძიებს და ყველაფერს არ დაარქმევს თავის სახელს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება