.”ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ჩანაცვლდება კერძო კომპანიები და მიმწოდებლები“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, პრემიერ-მინისტრის ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტსა და მათ რეალიზაციასთან დაკავშირებით.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რეფორმის წარმატებისთვის, მნიშვნელოვანია აღსრულების ნაწილი. მინისტრის განცხადებით, სიახლის ამოქმედების შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონტროლს, იქნება ეს აფთიაქები, სამედიცინო პერსონალი, თუ ის დაწესებულებები, რომელთა პრაქტიკაშიც ფსიქოტროპული მედიკამენტები გამოიყენება.
„მიწოდების ქსელის მოწყობის თვალსაზრისით, მეტი ვალდებულება გვაქვს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკლებლივ ყველა გამოეთიშება პროცესს – არსებობს კერძო ფსიქიატრიული დაწესებულებები, რომლებსაც ექნებათ ბრუნვაში გარკვეული ფსიქოტროპული საშუალებები, თუმცა ეს იქნება მკაცრი კონტროლის პირობებში – იქ, სადაც ნორმიდან ამოვარდნილი რაოდენობა იქნება, ბუნებრივია, შემოწმდება და მოჰყვება შესაბამისი რეაქცია.
ეს ფართომასშტაბიანი ბრძოლაა, ერთ წერტილში ვერ აკუმულირდება ყველა საკითხი. პრობლემის მოსაგვარებლად, ყველა ფრონტიდან შეტევაა საჭირო. სახელმწიფო მზად არის, იმისთვის, რომ ყველა ის საჭიროება უზრუნველყოს, რაც ამ თვალსაზრით, შესაძლოა, სექტორს ჰქონდეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ საკანონმდებლო ცვლილებებისა და რეფორმის ამოქმედების ვადებზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, პროცესის დასრულებისთვის, რამდენიმე თვე იქნება საჭირო.
„აუცილებელია ბაზარზე მოთამაშე სუბიექტების მოსაზრებების მოსმენა. მათ შორის, ფსიქოტროპული აფთიაქების მესაკუთრეებთან და იმპორტიორებთან ვისაუბრებთ იმ მარაგების საკითხზე, რაც დღეს, ქვეყანაში არსებობს. ამ ყველაფრის შემდეგ, უფრო ზუსტად შევძლებთ კონკრეტულ ვადებზე საუბარს. მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს კომპლექსური საკითხია. ამიტომ, სხვა ფაქტორებთან კორელაციას და ისე განხილვას მოითხოვს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.