fbpx

მთავარი მიზეზი რატომაც ვთქვით უარი პირველადი ვერსიის ხელმოწერაზე იყო ცესკოსთან დაკავშირებული ჩანაწერი იმიტომ, რომ ხელისუფლების აყირავება იყო გარანტირებული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ საარჩევნო კოდექსში შემავალ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კანდიდატების წარდგენას ითვალისწინებს.

კითხვაზე, რამ გამოიწვია ცვლილებები კობახიძე აღნიშნავს, რომ მიზეზი, რატომაც უარი თქვეს პირველადი ვერსიის ხელმოწერაზე, იყო ცესკო-ზე ჩანაწერი, სადაც ხელისუფლების აყირავება გარანტირებული იყო.
„პირველი ვერსია რაც იყო შემოთავაზებული იყო გარანტირებული საბოტაჟი ცესკოში, არჩევნების დაბლოკვის მექანიზმის მინიჭება ოპოზიციისთვის. მთავარი მიზეზი რატომაც ჩვენ უარი ვთქვით 31 მარტს, შემდეგ აპრილის შეთანხმების ანუ, პირველადი ვერსიის ხელმოწერაზე, იყო სწორედ ცესკოსთან დაკავშირებული ჩანაწერი იმიტომ, რომ ხელისუფლების აყირავება იყო გარანტირებული. შავი თეთრზე ეწერა, რომ ხელისუფლების აყირავების არალეგიტიმური ბერკეტი ენიჭებოდა ოპოზიციას. შემდეგ ეს დაკორექტირდა, ჩვენ მოვითხოვეთ პრინციპულად ჩიხიდან გამოსვლის მექანიზმი და სწორედ ეს ჩაიწერა საბოლოო ჯამში 19 აპრილის შეთანხმებაში.“- აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება პირნათლად გაჰყვა ჩანაწერს, მიუხედავად იმისა, რომ ის, რაც საარჩევნო კოდექსში ჩაიწერა სამართლებრივად სრული აბსურდია.
„ჩვენ პირნათლად გავყევით ამ ჩანაწერს და მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად სრული აბსურდია რაც ჩავწერეთ საარჩევნო კოდექსში. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა სადაც ასეთი რეგულაცია არის დადგენილი, იმიტომ, რომ არის აბსურდი. ჩავწერეთ, რომ თავიდან საჭიროა 100 ხმა ცესკოს წევრების ან თავმჯდომარის ასარჩევად, შემდეგ ჩამოდის 90-ზე, შემდეგ 76-ზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 100 ხმით არის არჩეული მას აქვს ხუთწლიანი უფლებამოსილების ვადა. თუ არჩეულია 76 ხმით, ამ შემთხვევაში, არჩეულია 6 თვის ვადით, მაშინ, როდესაც ხანგრძლივი ვადა ითვლება ნებისმიერი დამოუკიდებელი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მთავარ გარანტიად. ასეთი აბსურდი ჩავწერეთ. ამის მერე ანულირდა 19 აპრილი შეთანხმება, შესაბამისად, ჩვენ არავითარი ვალდებულება აღარ გვაქვს, რომ ეს აბსურდული ჩანაწერი დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში.“- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ, ასევე ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტის როლზე კანდიდატების შერჩევის პროცესში და განაცხადა, რომ მან არაერთხელ წარადგინა კანდიდატურა, რასაც მისი თქმით, მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ბოიკოტი მოყვა.

„ახლა ლაპარაკობენ ენჯეოები, რომ პრეზიდენტთან უნდა დარჩეს ეს კომპეტენცია. პრეზიდენტმა თავის დროზე შექმნა კომისია და ამ კომისიამ წარმოადგინა სწორედ მოქმედი ცესკოს თავმჯდომარე და მოქმედი ორი წევრი ამ პოზიციაზე, ამ კომისიას ბოიკოტი გამოუცხადა აბსოლუტურად ყველა მდიდარმა ენჯეომ. შესთავაზა მათ პრეზიდენტმა და მათვე, ამ მდიდარმა ენჯეოებმა, გამოუცხადეს ბოიკოტი პრეზიდენტის მიერ შესაქმნელ, მოგვიანებით შექმნილ კომისიას. აქედანაც ჩანს, რომ სინამდვილეში ცარიელი სპეკულაციაა რაზეც ისინი საუბრობენ. შეიქმნა კომისია, კომპეტენციის ნიშნით შეირჩა მოქმედი ცესკოს თავმჯდომარე და მოქმედი ორი წევრი. წარმოადგინა ისინი პრეზიდენტმა და მიუხედავად იმისა, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არც მიკერძოებასთან, არც კომპეტენციასთან დაკავშირებით არ არსებობდა ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. ამის გამო ჩვენ ცესკოს თავმჯდომარე და ორი წევრი ყველანაირად კომპეტენტური და მიუკერძოებელი ავირჩიეთ მხოლოდ 6 თვის ვადით. მათ ჩაატარეს თვითმმართველობის არჩევნები აბსოლუტურად გამართულად, რაც ამ სამი ადამიანის დამსახურება. ამის შემდეგ გადის კიდევ ექვსი თვე, კიდევ ერთხელ შექმნა პრეზიდენტმა კომისია, კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მდიდარმა ენჯეოებმა მას ბოიკოტი. წარმოადგინა ეს სამი კანდიდატურა, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ 6 თვის ვადით. ეს 6 თვიანი ვადა თავმჯდომარეს და ორ წევრს, გაუვიდა შარშან ზაფხულში. ერთი წელია მათ სტანდარტული 6 თვიანი უფლებამოსილების ვადა გასული აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად მათ აქვთ ლეგიტიმაცია, იმიტომ, რომ საარჩევნო კოდექსში წერია, რომ თუ ახალს ვერ ირჩევ რჩება ძველი, მაგრამ როცა გაგდის 6 თვიანი ვადა და კიდევ ერთი წელი რჩები და თან საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ წელიწად ნახევარია დარჩენილი გამოდის, რომ უფლებამოსილების ვადა გასდით ზაფხულში და ორი წლის მერე და კიდევ ოქტომბერში უნდა გააგრძელონ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება, თუ ვერ ავირჩიეთ ახალი თავმჯდომარე და ახალი წევრი,“- აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ამის შემდეგ პრეზიდენტი აცხადებს, რომ მართალია წარმოდგენილი სამი კანდიდატი არიან ყველაზე კომპეტენტურები, მაგრამ არ წარადგენს, რადგან ოპოზიცია მხარს არ უჭერს.
მისივე თქმით, ცვლილებები, რომელიც ახლა დაინიცირდა, სწორედ ამ აბსურდის გასწორებას ემსახურება.

„ამის შემდეგ პრეზიდენტი აცხადებს, რომ მართალია ისინი არიან ყველაზე კომპეტენტურები, მაგრამ არ წარმოვადგენ იმიტომ, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს. მაშინ კონკურს რა აზრი აქვს, კომისიას რა აზრი აქვს, ობიექტურ კრიტერიუმებს რა აზრი აქვს, თუ შენ ამბობ, რომ ესენი ყველაზე კარგები არიან, მაგრამ ოპოზიციას ახირება აქვს, მაინც მხარს არ უჭერს და ამიტომ არ წარმოვადგენ, ეს ხომ სრული აბსურდი და გაუგებრობაა. ამის შემდეგ ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ სხვა კანდიდატურებს იმიტომ, რომ საუკეთესოები იყვნენ ეს სამნი. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ აცხადებს კონკურსს, პრეზიდენტი და საკმარისი კანდიდატურებიც კი არ შედის იმიტომ, რომ ადამიანებმა დაინახეს, რომ ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად პრეზიდენტი არ წარადგენს კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტში. ასეთ დროს აზრი ეკარგება რა თქმა უნდა კონკურსში მონაწილეობას. ამ აბსურდის გასწორებას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც დაინიცირდა.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება