fbpx

მარკეტა გრეგოროვა – მივმართავ ოპოზიციას, ვისაც ხელისუფლების გეგმაზე მუშაობა არ სურს: გთხოვთ, სცადეთ ერთად მუშაობა – არ დანებდეთ იქამდე, სანამ მუშაობას დაიწყებთ, არ შეიძლება არ დაჯდე მაგიდასთან და დაუყოვნებლივ გააკრიტიკო


მივმართავ მათ, ვისაც არ სურს გეგმაზე მუშაობა, გთხოვთ, კიდევ ერთხელ განიხილეთ ეს შესაძლებლობა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა დაინახოს, რომ მზაობა არსებობს ორივე მხრიდან. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ეხება ოპოზიციას და მთელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ხელისუფლების მიერ შემუშავებულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომლის განხორციელების პროცესში ჩართვაზეც ოპოზიციის ნაწილი უარს აცხადებს.

ამასთან, ევროპელი პოლიტიკოსის განმარტებით, ერთია გეგმის განხორციელებაში ოპოზიციის მონაწილეობა, მაგრამ მეორეა ის, რომ თავადხელისუფლებამ შეასრულოს, რაც გეგმით აქვს დასახული და რეალურად ითანამშრომლოს ოპოზიციასთან.

„გავიგე, რომ ოპოზიციას ახლა არ სურს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ გეგმაზე მიმდინარე სამუშაოებს შეუერთდეს. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და ვის ეხება, მაგრამ მივმართავ მათ, ვისაც არ სურს გეგმაზე მუშაობა, გთხოვთ, კიდევ ერთხელ განიხილეთ ეს შესაძლებლობა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა დაინახოს, რომ მზაობა არსებობს ორივე მხრიდან. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ეხება ოპოზიციას და მთელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. გთხოვთ, სცადეთ ერთად მუშაობა და თუ ეს შეუძლებელია, გვითხარით, რატომ არის შეუძლებელი, არ დანებდეთ იქამდე, სანამ მუშაობას დაიწყებდეთ“,- განაცხადა გრეგოროვამ.

ევროპარლამენტის წევრის თქმით, არ იქნება საზოგადოების არავითარი დეპოლარიზაცია, თუ არ იქნება პოლიტიკური დეპოლარიზაცია შესაბამის პარტიებს შორის.

„მე ამას ვხედავ ყოველ ჯერზე, როდესაც ვხვდები ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მათ სჭირდებათ შეძლონ ერთად მუშაობა, სხვაგვარად არანაირი პროგრესი არ იქნება – იარსებებს გეგმა და ზოგიერთი ადამიანი არ მოისურვებს მასთან შეერთებას ან იქნება პროტესტი და ზოგიერთი ადამიანი დააიგნორებს მას – ეს პრობლემა გრძელდება 2 წლისა და მეტის განმავლობაშიც. პარტიებმა უნდა დაძლიონ ეს. არ ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება სინამდვილეში ამდენად პოლარიზებულია თავისთავად, მაგრამ ის წარმოდგენილია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც ერთად მუშაობა არ სურთ. მე მესმის, რომ ზოგჯერ ეს შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ყოველთვის საჭიროა მაგიდასთან დაჯდომა და ამის შემდეგ შეიძლება გააკრიტიკო და თქვა: „დავსხედით მაგიდასთან, მაგრამ რაღაც საკითხი არ შესრულდა“, მაგრამ არ შეიძლება არ დაჯდე მაგიდასთან და გააკრიტიკო დაუყოვნებლივ. ვფიქრობ, ეს პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული და თუ საქართველოს მოსახლეობას სურს რამის გაკეთება, პირველ რიგში, მათ შეუძლიათ მიწერონ თავიანთ წარმომადგენლებს, ვისაც ხმა მისცეს, შეუძლიათ მისწერონ მეილი ან მესიჯი: „გთხოვთ დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან და ეცადეთ ითანამშრომლოთ“, რადგან სხვაგვარად აქედან ვერ გამოვალთ.

ეს არ არის ორი თინეიჯერის ურთიერთობა, რომლებსაც ძალიან რცხვენიათ ერთმანეთისთვის პირველი მესიჯის გაგზავნა. საქმე პირველ ნაბიჯში არ არის, საქმე რეალურად, ნორმალური პოლიტიკის კეთებაშია. ყველა მათგანი ორშაბათიდან პარასკევამდე ერთ შენობაში იკრიბება – სამინისტროებში, მთავრობის ადმინისტრაციაში, პარლამენტში და მათ ერთმანეთი მუდმივად სჭირდებათ. ახლა ხელისუფლებამ კონკრეტული გეგმა წარადგინა და უფრო მეტად ოპოზიციაზე არის დამოკიდებული, შეუერთდნენ მათ გეგმის განხორციელების ძალისხმევაში, მაგრამ ასევე, ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ის, რაც გეგმით აქვს დასახული და რეალურად ითანამშრომლოს ოპოზიციასთან. ეს იმგვარი ურთიერთობაა, რომელშიც ყველამ მხარემ ერთდროულად უნდა გადადგას ნაბიჯები ერთმანეთის მიმართ და არ დაელოდოს მეორეს როდის გადადგამს პირველ ნაბიჯს“,- განაცხადა გრეგოროვამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება