fbpx

მართალი ხართ, ჩვენ არ ვართ “სილიოტკები, კილკის ქილებში რომ ჩაგვალაგონ,” მაგრამ არც ცხვრები ვართ, კორონას რომ შეგვწიროთ, ისე, რომ პასუხისმგებლობის აღებაც არ გინდოდეთ ჩვენს სულსა და სხეულზე-თამარ გვენეტაძე

სოციალურ ქსელში თამარ გვენეტაძე აქვეყნებს-

როგორც იცით, კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიდო და ამით ხაზი გაესვა ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და სტატუსს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. და მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად, საქართველო არაა მართლმადიდებლური სახელმწიფო, ამ განსაკუთრებულობას ყველა ვაღიარებთ. თუმცა ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებულობა კი არა, პრივილეგირებულობაა.დღეს, საპატრიარქომ გააკეთა ძალიან არასასიამოვნო განცხადება და თქვა, რომ ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა მათთან არ ყოფილა შეთანხმებული, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მრევლშიც და ბერშიც.უკაცრავად? რაღაც ვერ გავიგე: სახელმწიფო ეკლესიას უთანხმებს მის მიერ მისაღებ რეგულაციებს? კანონს არგებს მრევლის ან სასულიერო პირების კომფორტს? და შემდეგ, დასძინეს, რომ, როგორც გაარკვიეს, ეს შეზღუდვები მათზე, მგალობლებზე და სტრიქაროსნებზე არ გავრცელდება. (?) და რატომ არ უნდა გავრცელდეს?

ჩვენ, მაღაზიაში პურზე ან აფთიაქში წამალზე გასულებს გვაჯარიმებენ 3000 ლარით, იმიტომ, რომ ვარღვევთ კანონს და “ვებრძვით სახელმწიფოებრიობას” და თქვენ? თქვენ ფეხით ვერ მიდიხართ ტაძრებამდე? ცოტა შორს ხომ არ ხართ ღმერთისგან? იესომ თავისი ჯვარცმის გზა თავისივე ჯვრით აკიდებულმა განვლო და თქვენ აღდგომის საზეიმო წირვაზე მაინც და მაინც მანქანით უნდა მიბრძანდეთ?და მერე თქვენ გვესაუბრებით მეორედ მოსვლაზე, ქრისტეს შიშზე, ან სხვა სასჯელებზე, ჩვენ? მათ, ვინც სახლში ვრჩებით?ჩემს სახლში არის ღმერთი, ჩემს შვილებშია, ჩემს გულშია და მე მას არსად ვეძებ, იმიტომ, რომ არც არასდროს წასულა ჩემგან.აი, თქვენ კი, პრივილეგიებით და მანქანებით მისულებს, ყოველგვარი ხორციელი დისკომფორტის და შეწუხების გარეშე მისულებს, ან შეგეგებებათ ღმერთი ტაძარში და ან არა.ქრისტე აღსდგება ჩვენს სახლებში და ჩვენს გულებში, პრივილეგიების გარეშე დარჩენილ მოსახლეობაში, რომელთათვის შერჩევითი სამართალი, ამ ქვეყანაში, არ დასრულდა.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, ჩემო მეგობრებო, რომ არავინ ებრძვის ეკლესიას, არავინ ებრძვის ღმერთს, აღდგომას ან რომელიმე ქრისტიანულ დღესასწაულს. არა. ჩვენ, ყველა ერთად, ვებრძვით იმ სენს, რომელსაც ვერ ვხედავთ, იმ დაავადებას, რომელსაც ვერ ვგრძნობთ, მაგრამ შეუძლია, დღეებში გამოგვასალმოს სიცოცხლეს. თავშეყრა კი მხოლოდ და მხოლოდ უმარტივებს მას საქმეს. და ამის ფონზე, კიდევ ბოდიშის მოხდას ითხოვს ეკლესიის წარმომადგენელი იმ ადამიანებისგან, ვიზეც დღეს ჯანდაცვის სისტემა დგას და მოსახლეობის ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლეა დამოკიდებული? ბოდიში რისთვის, ქანგაცლილ ექიმებს, დაავადებულ მედპერსონალს და დამხრჩვალ ავადმყოფებს რომ უფრთხილდებიან, თქვენნაირმა და ჩვენნაირმა უპასუხისმგებლო ადამიანებმა რომ დაასნებოვნეს?

მართალი ხართ, ჩვენ არ ვართ “სილიოტკები, კილკის ქილებში რომ ჩაგვალაგონ,” მაგრამ არც ცხვრები ვართ, კორონას რომ შეგვწიროთ, ისე, რომ პასუხისმგებლობის აღებაც არ გინდოდეთ ჩვენს სულსა და სხეულზე.

და ეს ყველაფერი იმის ფონზე, როცა მეორე მხარეს, 13 სასულიერო პირი, უარს აცხადებს აქტიურ ლიტურგიაზე. რომელს დაგიჯეროთ: თქვენ, იმ 13 მოძღვარს თუ სახელმწიფოს?ხოდა, ძალიან გთხოვთ, დავრჩეთ სახლში.ვილოცოთ შინ!

გაუზიარე!

Shares