fbpx

მამუკა მდინარაძე: შეუძლებელია, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაყენებული იყოს ულტიმატუმი – ქვეყნის სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ან ევროპაო, ჩემი აზრით, ამას არავინ იკადრებს

შეუძლებელია, ევროპისგან დაყენებული იყოს ულტიმატუმი, ქვეყნის სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპაო, ამას არავინ იკადრებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვეტინგის თემას ეხებოდა.

მდინარაძის თქმით, ვეტინგის სისტემა პირდაპირ მიმართულია მოსამართლის დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ.

„თანამედროვე ცივილიზებული სამყარო იბრძვის მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებისთვის. ვეტინგის სისტემა პირდაპირ მიმართულია მოსამართლის დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ. არათუ ქვეყნის გარედან, ქვეყნის შიგნიდანაც შემოწმების ამგვარი სისტემა ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას, აჩენს უდიდეს რისკებს, რომ შემოწმების დროს, მით უმეტეს, არაკეთილსინდისიერი შემოწმების დროს, დაიჩაგროს მოსამართლე, რომელიც, სინამდვილეში, კეთილსინდისიერია. ეს არის ბერკეტი, ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. მით უმეტეს, გარედან რაიმე გადაწყვეტილების მიღება, შემოწმება კატეგორიულად მიუღებელია, ამიტომ ჩვენთვის ეს თემა ჩახურულია. წარმოუდგენელია, მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ პრინციპული მიდგომა და სუვერენიტეტში ჩაურევლობის მიმართ პრინციპული მიდგომა ევროპისთვის შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს საქართველოს ევროპაში გაწევრიანების გზაზე.

შეუძლებელია, ასეთი ულტიმატუმი იყოს დაყენებული გადაწყვეტილებების მიღების დროს. საკითხი არ დადგება ისე, რომ სუვერენიტეტი, ან ევროპაო. წარმოუდგენელი იქნება საკითხის დაყენება იმგვარად, რომ სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპა, ერთ-ერთი დათმეთო. ჩემი აზრით, ამას არავინ იკადრებს. შეიძლება, ვრცელდებოდეს რაღაც განცხადებები, მაგრამ ასეთი საკითხის დაყენება შეუძლებელია. ჩვენ არავინ უნდა დაგვიყენოს საკითხი, სასამართლოს დამოუკიდებლობა დათმეთ, თორემ ევროკავშირის გზაზე რაღაც პრობლემები შეგექმნებათო. ასე საკითხი ვერ დადგება და გადაწყვეტილების მიღების დროს, მაგალითად, მოლაპარაკებების გახსნაზე, შეუძლებელია, ასეთი ულტიმატუმის დონის საკითხები დადგეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება