მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: პოზიცია, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ პრორუსულია და მოსწონს რუსეთი, აქვს რუსულ პროპაგანდას და „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდას. ეს პოზიციები რატომ ემთხვევა ერთმანეთს, მოიკითხეთ კარგად

პოზიცია, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ პრორუსულია და მოსწონს რუსეთი, აქვს ორ მიმართულებას. ერთი, ეს არის რუსული პროპაგანდა და მეორე – „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა. ეს პოზიციები რატომ ემთხვევა ერთმანეთს, მოიკითხეთ კარგად, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რუსი ჟურნალისტის მარგარიტა სიმონიანთან დაკავშირებულ კითხვას.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ იწონებენ რუსი პროპაგანდისტები „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და მათ განცხადებებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორ მოახერხა ის, რომ მდინარაძის განცხადება სანქციებთან დაკავშირებით სიმონიანისთვის მოსაწონი აღმოჩნდა.

„მოვახერხე ნიშნავს, რომ ძალიან ვეცადე. ეს თქვენი ინტერპრეტაციაა. თქვენი დილა, როგორც ჩანს, ასე იწყება – რუსული პრესის გაცნობით. ჩვენ ასე კარგად არ ვიცნობთ რუსულ ინფორმაციებს, პრესას და გამონათქვამებს. მოდი ასე დავსვათ შეკითხვა, როგორ ხერხდება ისე, რუსი პროპაგანდისტები ცდილობენ მოიწონონ ჩვენი განცხადებები, ამით თქვან, რომ ჩვენ რუსეთი მოგვწონს და იმავეს აკეთებს „ნაცმოძრაობის“ კლასტერი. პოზიცია, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ პრორუსულია და მოსწონს რუსეთი, აქვს ორ მიმართულებას. ერთი, ეს არის რუსული პროპაგანდა და მეორე – „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა. ეს პოზიციები რატომ ემთხვევა ერთმანეთს, მოიკითხეთ კარგად. როდესაც მე განცხადებას ვაკეთებ, რომ დამაზიანებელია სანქცია საქართველოსთვის და საზოგადოებისთვის, ეს არის სიმართლე და ვინ მოიწონებს და ვინ არა, ეს პროპაგანდის ნაწილია. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან ასოცირების ხელშეკრულებიდან დაწყებული, ვიზალიბერალიზაციით გაგრძელებული, კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროპა და ევროპული ინტეგრაცია, ევროპული ალიანსი, ბოლოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული პოზიტიური შეფასება – ეს მოწონებას იმსახურებს რუსეთის?“ – აღნიშნა მდინარაძემ.

„საქართველო საოცრად ადეკვატურად იქცევა. რა იქნებოდა სომხეთიც ასე იქცეოდეს“, – ასე ეხმაურება მარგარიტა სიმონიანი მდინარაძის განცხადებას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება