მაკა ბოჭორიშვილი-ევროკავშირში განაცხადის გაკეთების შემდგომ არაერთ შეხვედრაზე ითქვა: თქვენ გააკეთეთ განაცხადი, ახლა ნახავთ, მოლდოვა და უკრაინა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველო  არ მიიღებს და ვნახოთ  მოსახლეობა რა პასუხს მოსთხოვს „ქართული ოცნებას”

ევროკავშირში ჩვენი განაცხადის გაკეთების შემდგომ, მარტის პერიოდში არაერთ შეხვედრას გავიხსენებ, როდესაც ცალსახად ითქვა საქართველოსთან დაკავშირებით: თქვენ გააკეთეთ განაცხადი, ახლა ნახავთ, მოლდოვა და უკრაინა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველო იქნება ის ქვეყანა, რომელიც არ მიიღებს სტატუსს და ვნახოთ  მოსახლეობით ის 85 %, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, რა პასუხს მოსთხოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის მოწინავე იყო, ეს იყო ფაქტი, რომელსაც ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა, ამიტომ საჭირო იყო აღქმის შექმნა და ამ მიზით აქტიურად მუშაობდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია.

„როდესაც განაცხადი გავაკეთეთ, ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებდით, რა გამოწვევა შეიძლება ჰქონოდა საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის, ქართველი ხალხისთვის ევროპა, ევროპასთან ასოცირება და ევროპაში ყოფნა. მე არასდროს არ მიყვარს ტერმინ „ევროპეიზაციის“ გამოყენება იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, ქართველი ხალხი ევროპელები არიან და ისეთივე წვლილი შეაქვთ ევროპის ისტორიაში, როგორიც სხვა დანარჩენ ხალხებს და სახელმწიფოებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ცხადად ჩანდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ინსტრუმენტად იქცეოდა გარკვეული ძალების ხელში, რომელიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო სწორედ იმ მიზნით, რომელიც აქვს საქართველოს,  ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ და ეს ასეც მოხდა.  მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი შეხვედრები. მე საკმაოდ აქტიური გახლდით, ძალიან ხშირად დავდიოდი ევროპარლამენტში, აქტიურად მქონდა კომუნიკაცია ჩემს ევროპარლამენტარ კოლეგებთან. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ისინი კეთილგანწყობილი იყვნენ საქართველოს მიმართ, ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ, თუ არა.  მე ვთვლიდი, რომ ყველასთან უნდა მქონოდა ურთიერთობა და კომუნიკაცია და საკმაოდ საინტერესოც იყო, თვალსაჩინო ბევრი რამ ამ შეხვედრების შემდგომ. ჩვენი განაცხადის გაკეთების შემდგომ, არაერთ შეხვედრას გავიხსენებ, როდესაც ცალსახად ითქვა საქართველოსთან დაკავშირებით: ვიცი თქვენ გააკეთეთ განაცხადი, ახლა ნახავთ, მოლდოვა და უკრაინა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს და საქართველო იქნება ის ქვეყანა, რომელიც არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამას მე გეუბნებით დაახლოებით მარტის პერიოდში, ანუ ახალი გაკეთებული გვქონდა განაცხადი და ვნახოთ  მოსახლეობით ის 85 %, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, რა პასუხს მოსთხოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

ეს წინადადება, ცხადად ნათქვამი აჩვენებდა იმას, რომ ევროინტეგრაცია,  საქართველოსთვის ამდენად მნიშვნელოვანი საკითხი ვიღაცეებისთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება შეეცვალა ნებისმიერი გზით. 2022 წელს არჩევნების არანაირი პერსპექტივა უკვე აღარ არსებობდა. ამას ალბათ მერე შევეხები, 2020 წლის არჩევნებს.  აღარ არსებობდა არანაირი, ასე ვთქვათ, კონსტიტუციური გზა ხელისუფლების ცვლილების და რა თქმა უნდა სცენარი 2 -არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება უკვე სრულად იყო ჩაშვებული ასამოქმედებლად.  აქ უკვე საჭირო იყო კარგი მიზეზების მოძებნა, რაც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე ასე დავარქმევ ამას,  მე არ დავარქმევ ამას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეს იყო ხელისუფლება, რომელიც არჩეული იყო ქართველი ხალხის მიერ.

აქ საინტერესო არის საქართველოს პოლიტიკურ ველზე როგორ ხდებოდა ამისი განხორციელება. სამი მიმართულება იყო, ეს არის პოლიტიკოსები,  რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული და ჩვენს თვალწინ ხდებოდა, აქ პარლამენტში განცხადებების კეთება. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ასე ვთქვათ, აქტიურად უქმნიდნენ აკადემიურად შეფუთვას ამ ყველაფერს და მედია, რომელიც გახდა ძალიან აქტიური საგარეო ფლანგზე”- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით საქართველოს მოწინავე იყო დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს შორის რეფორმებით და მიღწევებით და ამიტომ საჭირო იყო მცდარი აღქმის შექმნა რომ ქვეყანა ამას არ იმსახურებდა.

“ყველამ კარგად იცის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ რა თქმა უნდა, დაფუძნებული არის სახელმწიფოების გარკვეულ მიღწევებზე.

ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო იმ სამ კანდიდატ ქვეყანას შორის, რაზედაც იყო საუბარი, რომ კანდიდატები იყვნენ უკრაინა, მოლდოვა, საქართველო- საქართველო იყო მოწინავე. ეს იყო ფაქტი, რომელსაც ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა. ამიტომ საჭირო იყო აღქმის შექმნა. აქტიურად დაიწყეს მონაწილეობის მიღება ამ სამივე კომპონენტის შემსრულებლებმა პოლიტიკოსებმაც არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და მედიამაც“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება