fbpx

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ დაიცვან რეგულაციები: პირბადის ტარება, დიდი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისსა და რეგიონებში მასშტაბური საქორწილო და სხვადასხვა ტიპის შეკრებებია, რომელიც დასაშვები არ არის და ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის.

მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას, რომ კორონავირუსული ინფექცია არ დამარცხებულა და ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რისკები კვლავ არსებობს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია მართვადია და ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, მოსახლეობა ილუზიას არ უნდა მიეცეს, თითქოს ინფექცია დამარცხდა.

“დღეისთვის კორონავირუსის 1225 დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში, აქედან დილის 09:00 საათისთვის 9 ახალი შემთხვევა იყო. აქტიური შემთხვევა არის 208 და გამოჯანმრთელებულია 1000. 82% გვაქვს გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი და 17 ადამიანია გარდაცვლილი. საკმაოდ ინტენსიურია ტესტირება. 267 ათასი PCR ტესტირება ჩატარდა ქვეყანაში და დაახლოებით 173 „სწრაფი ტესტირება“. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულად მართვადი და კონტროლირებადია. ქვეყანაში პანიკის არავითარი საფუძველი არ არის. როგორც ხედავთ, გვაქვს ერთეული შემთხვევები. რამდენჯერმე გვქონდა 11-13-14 შემთხვევა. ამ ორი კვირის განმავლობაში ერთხელ იყო 24 შემთხვევა, მაგრამ ეს ყველაფერი მართვადია და ჯანდაცვის სისტემისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ გავუმეორებ მოსახლეობას, რომ ილუზიას არ მივეცეთ, თითქოს ჩვენ კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა და ასევე სრულდება ავიარეისები, ეს ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის. სწორედ ამიტომ, ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ დაიცვან არსებული რეკომენდაციები და სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინონ.

„სერიოზულად კონტროლდება საზღვრები, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო. ვირუსის შემოტანის ყველაზე დიდი წყარო სატვირთო ავტომობილების მძღოლები გახლავთ, მაგრამ ყველას იდენტიფიცირება საზღვარზე მოხდა და შემდეგ კარანტინში გადაიყვანეს. ასევე ჩატარდა PCR ტესტირება და ამით აღიკვეთა ინფექციის მასშტაბური გავრცელება. ზოგადად, კარანტინმაც ძალიან სერიოზული როლი ითამაშა. დაახლოებით 280-მდე ადამიანი არის კარანტინში იდენტიფიცირებული და ამითაც ინფექციის გავრცელების პრევენცია მოხდა. ამიტომ, პირველ რიგში უნდა დაიცვან ის რეკომენდაციები, რასაც მოსახლეობას მოვუწოდებთ. არის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისსა თუ სხვადასხვა რეგიონებში მასშტაბური საქორწილო თუ სხვადასხვა ტიპის შეკრებებია, რომელიც არ არის დასაშვები და ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ დაიცვან რეგულაციები: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, დიდი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება. რაც მთავარია, თუ გაჩნდა პირველივე სიმპტომები: ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, აუცილებლად მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ ტესტი. დღეს სახელმწიფოს ხარჯზე, ექიმის კონსულტირებით ტესტის ჩატარება თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს“, – განაცხადა გამყრელიძემ.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares