fbpx

კახა გულედანი ბაღების სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნო

დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების
მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, სააგენტოს
მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
დედაქალაქს სექტემბერში ერთი ახლადაშენებული და ერთიც რეაბილიტირებული
საბავშვო ბაღი შეემატება. N88 საბავშვო ბაღი აღსაზრდელების პირველ თაობას 15
სექტემბერს მიიღებს. 230 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩაზე
მდებარეობს და ამ უბნისთვის მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს, რადგან
მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აქამდე არასოდეს ყოფილა. პროექტის
ღირებულება 2 800 000 ლარია.
თბილისის მერის მოადგილემ რეაბილიტირებული N155 საბავშვო ბაღიც
დაათვალიერა. შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, სადაც, ექსპერტთა
დასკვნით, სააღმზრდელო დაწესებულების ფუნქციონირება დაუშვებელი იყო.
განხორციელდა რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი – შენობა ადაპტირდა შშმ
პირთათვის, მოეწყო ბავშვთა უსაფრთხოებისათვის აუცილებელი სახანძრო
უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, აშენდა დამატებითი
ფლიგელი და კეთილმოეწყო ეზო. ორი წლის განმავლობაში ალტერნატიულ
ფართში გადასული კონტინგენტი 15 სექტემბრიდან საკუთარი ბაღის კედლებში
დაბრუნდება. რეაბილიტაციის პროექტზე სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 495 000 ლარი
დაიხარჯა.
კახაბერ გვანცელაძემ მერის მოადგილეს მიმდინარე პროექტიც გააცნო. კერძოდ,
N130 ბაგა-ბაღი მოქმედია და ახალი შენობა მის თავისუფალ ტერიტორიაზე აშენდა.
ამჟამად, კონსტრუქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა
სარემონტო სამუშაოები. ბაღის აღსაზრდელები ახალ შენობაში მომავალ წელს
გადავლენ. პროექტის ბიუჯეტი 3 646 118 ლარია.
მთაწმინდის, ისნისა და სამგორის რაიონებში განხორციელებული და მიმდინარე
პროექტები მერის მოადგილესთან და სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად,
რაიონების გამგებლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატმაც დაათვალიერეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება